„ახალგაზრდა ადვოკატები“: ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ საქართველოს კანონმდებლობას უხეშად არღვევს

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა, გიორგი ლაბაძემ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს პარლამენტს, კომპანია „სინოჰიდროს“ საქმიანობის შესწავლაზე, საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართა.
როგორც მან აღნიშნა, ჩინური კომპანია საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში უხეშად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და დაუსჯელი რჩება ჩადენილი კრიმინალისთვის, რაც პოლიტიკური წარმომადგენლობითი ორგანოს მკაფიო დასკვნებს მოითხოვს.
გიორგი ლაბაძემ პრესკონფერენციაზე, კომპანიის მიერ კანონდარღვევის რამდენიმე ფაქტზე ისაუბრა.
„ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, დადგენილია უკანონოდ მოპოვებული რესურსის, ხე-ტყის უნებართვოდ განადგურებისა და ინერტული მასალის უკანონოდ ამოღების რამდენიმე ფაქტზე. მაგალითად, რუსთავის მიმდებარედ, თბილისი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის, თბილისი-რუსთავის გზის III მონაკვეთის მშენებლობის ტერიტორიაზე, 2014 წლის 29 აპრილს და 30 მაისს 841 ძირი სხვადასხვა სახეობის ხეების ჭრის ფაქტი გამოვლინდა. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული სამთო მინაკუთვნის 27 200 მ2 (2,72 ჰა) ფართობის ნაცვლად, მოპოვებითი სამუშაოები 31 587,34 მ2 ფართობზე განხორციელდა. ხოლო მათი კუთვნილი ტერიტორიის გარეთ, 4 387,34 მ2 ფართობზე, სათანადო ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოიპოვეს 16 189,28 მ3 სასარგებლო წიაღისეული, ქვიშა და ხრეში. გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა კი 16 389,28 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება რაიონებს, სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში, კომპანიის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოების შემოწმების დროს, გამოვლინდა, რომ დეგრადირდა 15 123,8 მ2 სასოფლო სამეურნეო კატეგორიის მიწის ფართობი, რითიც გარემოს 15 167,21 ლარის ოდენობით ზარალი მიადგა. ამავე სოფელში, ასევე, გამოვლინდა სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტი, რამაც ფინანსურად მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა გარემოს“,-განაცხადა გიორგი ლაბაძემ.
მისივე თქმით, კომპანია „სინოჰიდროს“ მიმართ, 2013 წლის 6 იანვრიდან 2017 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით, ქობულეთის, ოზურგეთის, სამტრედიის, ლანჩხუთის, გარდაბნისა და თბილისის საქალაქო სასამართლოების, აგრეთვე, გზების დეპარტამენტის აჭარის სამსახურის მიერ, სულ 46 სამართლებრივი ფაქტია დადგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები