საქართველოში ტერეზე ვებერის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება

28 მარტს, 19:00 საათზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, თანამედროვე შვეიცარიელი ხელოვანის, ტერეზე ვებერის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენის გახსნას დაესწრებიან: შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი, მხატვარი ტერეზა ვებერი, ფონდის „Kultur Dialog Armenien“ პრეზიდენტი სონა ჰარუთუნიანი, დოქტ. ქრისტოფ ბაუმერი (შვეიცარია) და მიხაელ ვინანდი (გერმანია).
გამოფენა, სახელწოდებით „ქაღალდი – ხელი და შთაგონება. მოთხრობები ხელოვნებაში“, შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერითა და ფონდის „KulturDialog Armenien“ ინიციატივით ეწყობა;
ტერეზე ვებერი თანამედროვე შვეიცარიული ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი და „PaperArt“ – ის ჟანრის უბადლო ოსტატია. ქაღალდის წარმოების ტექნიკისა და ტრადიციის შესწავლის მიზნით, ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ხელოვანი ქაღალდის ბოჭკოს, „პულპას“ გამოყენებით, ქმნის საბაზისო მასალას, რასაც შემდეგ, როგორც შემოქმედებითი თვითგამოხატვის საშუალებას ნახატთან, ბეჭდურ გრაფიკასა და ფოტოგრაფიასთან აერთიანებს. ამით ის მნახველს ახალ განზომილებას სთავაზობს. 50-ზე მეტი ნამუშევრით, რომელიც გამოფენის ფარგლებში იქნება წარმოდგენილი, ტერეზე ვებერი დამთვალიერებელს თავისი შემოქმედების მრავალფეროვან პანორამას, ასევე განსხვავებულ სამუშაო ტექნიკებსა და მიდგომებს წარუდგენს, რომელსაც ხელოვანი ბოლო 25 წლის განმავლობაში იყენებს.
ტერეზე ვებერი პირველად 2013 წელს ეწვია საქართველოსა და კავკასიას, შემდეგ ეს რეგიონი, მისი კულტურული მემკვიდრეობა და ადამიანები თავის ნაწარმოებებში, მოთხრობებსა და წიგნის პროექტში ასახა. თბილისში დაგეგმილი მისი გამოფენა პირველი შეხვედრაა ქართველ დამთვალიერებელთან. 2017 წელს, გამოფენა წარმატებით იქნა წარმოდგენილი ერევანში (სომხეთი), სახელმწიფო ეროვნულ გალერეაში.ტერეზე ვებერის გამოფენა ქართველ დამთვალიერებელს პირველად წარუდგენს თანამედროვე შვეიცარიულ ხელოვნებას, ასევე, ახალ შემოქმედებით ხედვებსა და პერსპექტივებს, რითიც საფუძველი ჩაეყრება ახალ დიალოგს კულტურის სფეროში.
ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 31 მარტს, 13:00 საათზე, გაიმართება საჯარო შეხვედრა/გასაუბრება შვეიცარიელ ხელოვანთან. შეხვედრას ასევე დაესწრებიან ფონდის „KulturDialog Armenien“ პრეზიდენტი – სონა ჰარუტუნიანი და პროექტის ხელმძღვანელი – მაია თევდორაძე.
ერევანში (სომხეთი) გამართული გამოფენის, „ქაღალდი – ხელი და შთაგონება. მოთხრობები ხელოვნებაში“, შემდეგ, ცნობილმა გერმანულმა გამომცემლობამ ხელოვნების სფეროში, Wienand (კიოლნი) გამოსცა ტერეზე ვებერის შემოქმედების ამსახველი 160 გვერდიანი კატალოგი, რომელიც ასევე წარმოდგენილი იქნება თბილისში. ოთხ ენაზე (გერმანული/ ინგლისური/ სომხური/ ქართული) შექმნილი კატალოგი მოიცავს ტერეზე ვებერის შემოქმედებით გზას 1993 წლიდან დღემდე, მასში შესულია 121 ნამუშევარი. კატალოგის საშუალებით მკითხველს შეუძლია გაეცნოს ხელოვნების სფეროს ექსპერტების: ხელოვნების ისტორიკოსის და ფონდის „კულტურათა დიალოგი|სომხეთი“ პრეზიდენტის, სონა ჰარუტუნიანის, ხელოვნების ისტორიკოსის და დიურენის LeopoldHoesch-ს მუზეუმის დირექტორის, დოქტ. დოროთეა აიმერტის, კულტურის მკვლევარის, დოქტ. ქრისტოფ ბაუმერის მოსაზრებებს. კრიტიკოსები აანალიზებენ ნამუშევრების საწყისებსა და მოტივებს და აცნობენ მკითხველს ტერეზე ვებერის უნიკალურ მეთოდებსა და ინოვაციურ მიდგომებს.
ექსპოზიცია ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 28 მარტიდან 23 აპრილის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები