სიმონ ნოზაძე: მხარი დავუჭირე ქალთა კვოტირების საკითხს, მაგრამ შინაგანი მერყეობის განცდა მეც მქონდა

მხარი დავუჭირე ქალთა კვოტირების საკითხს, მაგრამ შინაგანი მერყეობის განცდა მეც მქონდა – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარემ სიმონ ნოზაძე „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მექანიკურად პარიტეტის შექმნა და ქალების პოლიტიკაში ხელოვნურად შეყვანა გონივრული არ იქნება.
ამასთან, ნოზაძე აცხადებს, რომ ქალები, რომლებიც დღეს საქართველოს პარლამენტში არიან საკმაოდ აქტიურ საქმიანობას ეწევიან და ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებენ.
„მხარი დავუჭირე კვოტირების საკითხს, მაგრამ შინაგანი მერყეობის განცდა მეც მქონდა, თან მომხსენებელიც დამაჯერებელი არ იყო, ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს პასუხი ვერ ან არ გასცა. მაინც მგონია, რომ ხელოვნურად ვცდილობთ გავზარდოთ ქალების აქტიურობა პოლიტიკაში და არ ვეძებთ იმ მიზეზებს, რამაც ქალის შედარებით პასიურობა გამოწვია. ის ქალბატონები, რომლებიც პარლამენტში არიან, ერთობ აქტიურობენ და ხელმძღვანელ თანამდებობებზეც იმყოფებიან, როგორც სახელისუფლებო პარტიის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. ამიტომ ვთვლი, რომ მთლიანად პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. 23 ქალი პარლამენტში ბევრი არ არის, მაგრამ არც ისე ცოტაა, რომ მათ თავიანთი გავლენა არ ჰქონდეთ. სამწუხაროდ ზოგიერთებს სურთ წარმოჩენა, რომ თითქოს საქართველო არის ჩამორჩენილი, განუვითარებელი ქვეყანა, სადაც ქალებს არსებობის პრობლემა აქვთ, არადა ქართველებს არავისგან გვესწავლება ემანსიპაცია, ჩვენ ისტორიას თუ გადავხედავთ, ქართველები ალბათ ნიმუშის მიმცემებიც კი არიან მთელი მსოფლიოსთვის, თუ რა წამყვანი როლი შეიძლება ითამაშოს ქალმა ქვეყნის ცხოვრებაში. თუმცა, ახლა ჩვენ გვინდა, მექანიკურად შევქმნათ რაღაც პარიტეტი, შემოვიყვანოთ ქალების ჯგუფი, რომლებიც მომზადებულები არ იქნებიან პოლიტიკისთვის, პარლამენტი ხომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა, სადაც სათანადო უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს მამაკაცსაც და ქალსაც, მე ვერ ვხედავ იმდენ ქალს (75 ქალს), რომლებიც ახლა მზად იქნებიან იმისთვის, რომ უმაღლეს დონეზე მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მართვაში, თუმცა, კარგი იქნება თუკი შეიქმნება მომზადების ერთგვარი სისტემა, რათა თანდათან მოხდეს ქალების პოლიტიკური გაზრდა, ამასთან, უნდა ვისაუბროთ უმთავრეს პრობლემებზე: ქალი უნდა გამოთავისუფლდეს ძალიან რთული საქმიანობისაგან – ოჯახური სიმძიმისაგან, სოციალურ-ეკონომიკური პირობები გაუმჯობესდეს, მიეცეს საშუალება, რომ ქალმა უფრო აქტიურად მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში“ – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.
“საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების პროექტი, რომელიც ქალთა კვოტირებას ეხება, პარლამენტში კენჭისყრაზე ჩავარდა.
ცვლილებებს მხარი 66-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 14 წავიდა. პროექტის პირველი მოსმენით მისაღებად, 76 კანონმდებლის მხარდაჭერა იყო საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები