მედიის წარმომადგენლებისთვის ფილმ „საშიში დედის“ სპეციალური ჩვენება გაიმართება

29 მარტიდან საქართველოს კინოთეატრებში ანა ურუშაძის „საშიში დედა” გამოდის. როგორც „კვირას“ ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, ფილმის პრემიერამდე 3 დღით ადრე კი მისი შეფასების შესაძლებლობა მედიის წარმომადგენლებს ექნებათ.
სპეციალური ჩვენება 26 მარტს, კინოთეატრ „ამირანში” 11 საათზე შედგება. ჩვენების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც ფილმის რეჟისორი ანა ურუშაძე, პროდიუსერი ლაშა ხალვაში და მსახიობები – ნატა მურვანიძე, დიმა ტატიშვილი, რამაზ იოსელიანი, ავთო მახარაძე და ანასტასია ჭანტურაია დაესწრებიან.
„საშიში დედა” ანა ურუშაძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმმა არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, მათ შორის „ოქროს ლეოპარდი” ლოკარნოს კინოფესტივალზე, სარაევოს კინოფესტივალის გრან- პრი და Asia Pacific Screen Awards-ზე მოპოვებული 2 აზიური „ოსკარი“. „საშიში დედა” შარშან საქართველოს კანდიდატი ფილმი იყო „ოსკარზე“.
„საშიში დედა” აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს. ფილმი 50 წლის ქალის მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები