“მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს უფრო ძლიერ პარლამენტს, კონსტიტუციურ სისტემას და დემოკრატიულ სისტემას”

„მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს უფრო ძლიერ პარლამენტს, კონსტიტუციურ სისტემასა და უფრო ძლიერ დემოკრატიულ სისტემას. ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო ფართოდ იქნება სხვადასხვა ინტერესები წარმოდგენილი ჩვენს საკანონმდებლო ორგანოში და ვფიქრობ, ჩვენ აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი კანონპროექტს გენდერული კვოტირების შესახებ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე საარჩევნო სისტემაში სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღების ინიციატივის განხილვისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის წარმოდგენილ კანონპროექტს მხარს უჭერს. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის სტატისტიკური მაჩვენებელი შემაშფოთებელია და მდგომარეობის გაუმჯობესება კვოტირების ამოქმედების გარეშე ხანგრძლივი და რთული პროცესი იქნება.
„მინდა გამოვხატო ჩემი პოზიცია კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია გენდერულ კვოტირებასთან. მინდა აღვნიშნო, რომ მე მყარად ვუჭერ მხარს ამ ინიციატივას, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის წინაშე.
მგონია, რომ საქმე არის საკმაოდ მარტივად. საქართველოს უკავია 130-ე ადგილი მსოფლიო ქვეყნებს შორის ქალთა წარმომადგენლობის კუთხით. საქართველოს პარლამენტში არიან ძალიან მცირე რაოდენობით წარმოდგენილი ქალბატონები, რაც ვფიქრობ, არის შემაშფოთებელი მაჩვენებელი.
ზოგადად, ჩვენი მეგობრებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის, ქალთა მონაწილეობის ზრდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში არის ქვეყნის საერთო პროგრესის მნიშვნელობის ინდიკატორი. ასე აღიქმება ეს ყველაფერი ჩვენი მეგობრების და ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ესეც არის ერთ-ერთი არგუმენტი ჩემთვის, რომელიც მიმყარებს რწმენას, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენ გავზარდოთ ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში და ამის გაკეთება იქნება ძალიან რთული და წაიღებს ძალიან ბევრ დროს გენდერული კვოტების ამოქმედების გარეშე და ეს პროცესი იქნება ნელი. თუ ჩვენ გვინდა, რომ სწრაფ წინსვლას მივაღწიოთ ამ მიმართულებით, მომდევნო წლების განმავლობაში, ზუსტად ამას უზრუნველყოფს კვოტირების შემოთავაზებული მოდელი, რომელიც არის შემოთავაზებული საქართველოს პარლამენტის წინაშე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის, რომ საქართველოს პარლამენტში 15%-ით არიან წარმოდგენილი ქალბატონები, არ არის ბუნებრივი მდგომარეობა და ეს მოცემულობა არ ასახავს საზოგადოებაში არსებულ ვითარებას, არსებულ ბალანსს და რეალურ მდგომარეობას. კვოტირების საშუალებით კი, მოხდება ბუნებრივი პროპორციის უზრუნველყოფა.
„იმაზე, რომ კვოტირება არის ხელოვნური ჩარევა, ბუნებრივია, არავინ დავობს, თუმცა ეს არის ხელოვნური ჩარევა, რომლის მიზანიც ბუნებრივი პროპორციის უზრუნველყოფაა. ანუ, ხელოვნური ჩარევა ხორციელდება იმისათვის, რომ ბუნებრივი სურათი და ბუნებრივი პროპორცია ჩამოყალიბდეს, ბუნებრივი ბალანსი ჩამოყალიბდეს საქართველოს პარლამენტში. ის, რომ 15 %-ით არიან წარმოდგენილი ქალები საქართველოს პარლამენტში, არავითარ შემთხვევაში არ ასახავს არსებულ ვითარებას. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ რა რესურსია საქართველოში ქალბატონებში“,- აღნიშნა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ქალებში არის იმაზე მეტი რესურსი და პოტენციალი, ვიდრე ამის საპარლამენტო ცხოვრებაში გამოყენება ხდება და ამ სამწუხარო რეალობას, სჭირდება ცვლილება და ამ რესურსს სჭირდება სათანადო გამოყენება.
„მე ვმუშაობდი წლების განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციებში, სადაც ადამიანებს სამსახურებში იყვანენ კონკურსების საფუძველზე, ობიექტური კონკურსების საფუძველზე, და მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ორგანიზაციებში წამყვან პოზიციებზე უმეტესად აჰყავდათ ქალები. იქ, სადაც ტარდებოდა ობიექტური კონკურსები, თანამდებობებს, მათ შორის მაღალ თანამდებობებს, მენეჯერულ თანამდებობებს, ექსპერტულ თანამდებობებს იკავებდნენ ქალები. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში ქალებში არის იმაზე მეტი რესურსი და პოტენციალი, ვიდრე ჩვენ ვიყენებთ საპარლამენტო ცხოვრებაში. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელსაც სჭირდება ცვლილება, რომელიც ექვემდებარება ცვლილებას და ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გენდერული კვოტირება უზრუნველყოფს სწორედ ამ ცვლილებას საქართველოს პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ მეტი ქალი პარლამენტში, ნიშნავს არამარტო უფრო მაღალ ჩართულობას ქალბატონებისას საპარლამენტო ცხოვრებაში, არამედ, ეს ნიშნავს უფრო ძლიერ პარლამენტს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გამოცდილება 2016 წლის არჩევნებიდან. მაშინ ერთგვარი ბუნებრივი კვოტა მოქმედებდა „ქართულ ოცნებაში“, როდესაც ჩვენ ვაყალიბებდით საპარლამენტო სიას, მაშინაც ეს ბუნებრივი კვოტა რომ არ გვქონოდა „ქართულ ოცნებაში“, შეიძლება ნაკლები ქალი შემოსულიყო საქართველოს პარლამენტში. თუმცა, ჩვენ თავს ძალა დავატანეთ, ასე ვთქვათ, და შევიყვანეთ იმაზე მეტი ქალი პარლამენტში, ვიდრე ეს შეიძლება მომხდარიყო, ასე ვთქვათ, ჩვენი შიდა კვოტის არსებობის გარეშე. საუბარი მაქვს ვირტუალურ კვოტაზე. შედეგი არის შთამბეჭდავი. თუ ჩვენ გადავავლებთ თვალს საპარლამენტო თანამდებობებს, ვნახავთ, რომ 15%-ია საერთო წარმომადგენლობა ქალბატონებისა საქართველოს პარლამენტში. ქალები იკავებენ მაღალ თანამდებობებს და ყოველი მესამე მაღალი თანამდებობის პირი საქართველოს პარლამენტში, არის სწორედ ქალბატონი. ეს, ზუსტად იმაზე მიანიშნებს, რომ არის ძალიან დიდი გამოუყენებელი რესურსი და გამოუყენებელი პოტენციალი საქართველოში ქალბატონებში, რასაც სჭირდება აუცილებლად სათანადო გამოყენება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, – კვოტირება სწორედ ამ მიზანს ემსახურება”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, საკითხზე გამართული დისკუსიისას, კვოტირების საწინააღმდეგო არგუმენტები არ იყო დამაჯერებელი, ინიციატივის სასარგებლო არგუმენტები კი მეტყველებს იმაზე, რომ ცვლილება ამ მიმართულებით აუცილებლად გასატარებელია.
„მე ყურადღებით ვადევნებდი თვალყურს გუშინწინ გამართულ დისკუსიას საქართველოს პარლამენტში. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო ის ემოციური დამოკიდებულება, რომელსაც იწვევს ეს საკითხი. ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ შეიძლება მკვეთრად ნეგატიურად შეფასდეს კვოტირება. რაც შეეხება დადებით ასპექტებს, გარკვეული არგუმენტები, რა თქმა უნდა, არის ორივე მხარეს, თუმცა იმ არგუმენტებმა, რომელიც წარმოდგენილი იყო კვოტების წინააღმდეგ მე ნამდვილად ვერ დამარწმუნა. ამ დროს არსებობს ძალიან ბევრი არგუმენტი კვოტირების სასარგებლოდ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინსტრუმენტის დანერგვა საქართველოს პარლამენტში და ჩვენს საარჩევნო სისტემაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 130-ე ადგილი არის შემაშფოთებელი საქართველოსთვის, 15% არის შემაშფოთებელი მაჩვენებელი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა პროგრესიც, რომელიც ქვეყანას ამ მიმართულებით აქვს, თუმცა, მისი თქმით, ეს არ არის საკმარისი. წარმოდგენილი ცვლილებებით კი მოხდება დასავლურ სტანდარტებთან დაახლოვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, წლიდან წლამდე გვაქვს პროგრესი, მაგრამ ეს პროგრესი არის მინიმალური და ჩვენ ამას არ უნდა შევეგუოთ. საუბარია იმაზე, რომ კვოტირების საფუძველზე სულ მცირე 25%-ით უნდა გაიზარდოს ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში მომდევნო არჩევნებისათვის, ხოლო იმის შემდგომი არჩევნებისათვის ეს მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს 33 %-მდე. რაც უკვე დაუახლოვდება დასავლურ სტანდარტებს. იმ ქვეყნების სტანდარტებს, რომელიც ჩვენთვის არის მისაბაძი მაგალითი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის”,- განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს გენდერული კვოტირების საკითხის ღია მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საკითხი მხარდაჭერილი იქნება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ.
„მე ბოლოს მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ჩვენი გუნდის ლიდერს, რომელმაც გამოხატა პოზიცია კვოტირებასთან დაკავშირებით. მან ღიად დაუჭირა მხარი გენდერულ კვოტირებას, რაც ჩვენთვის არის დამატებითი სტიმული, რომ მხარი დავუჭიროთ კანონპროექტს, რომელიც არის წარმოდგენილი ჩვენს წინაშე. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დოკუმენტი იქნება მხარდაჭერილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები