ქართველი მომღერლები ისრაელის ოპერის სცენაზე წარმატებით გამოდიან

9-23 მარტის პერიოდში, თელ-ავივის ოპერის თეატრი  ჯუზეპე ვერდის „დონ კარლოსის“ განახლებულ წარმოდგენას მასპინძლობს, რომელშიც მთავარ პარტიებს საერთაშორისოდ აღიარებული ორი ქართველი მომღერალი, ქეთევან ქემოკლიძე და გიორგი ანდღულაძე ასრულებენ.
ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით,  მათ ისრაელის მსმენელისა და მედიის დიდი მოწონება უკვე დაიმსახურეს. მას შემდეგ, რაც დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ქეთევან ქემოკლიძის მიერ შესრულებული „ებოლის“ პარტია, კონტრაქტით გათვალისწინებული სამი სპექტაკლის ნაცვლად  შვიდი სპექტაკლის შესრულება შესთავაზეს. წარმოდგენას  თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის მოწვეული მხატვრული ხელმძღვანელი, მსოფლიოში ცნობილი მაესტრო დანიელ ორენი დირიჟორობს.
„დონ კარლოსისადმი“  ოვაციები  და აღფრთოვანება გამოხატა აუდიტორიამ.
აი, რას წერს ისრაელის პრესა  ქართველ მეცო-სოპრანოზე, ქეთევან ქემოკლიძეზე:
,,პრინცესა ებოლი (ქეთევან ქემოკლიძე) მომნუსხველია. ლამაზია, როგორც ქალღმერთი, საშიში, როგორც პანტერა. თუმცა რაღაც მომენტებში გესმის ებოლის და მისადმი თანაგრძნობით იმსჭვალები. დასაწყისში, მსახიობი და მომღერალი გულუხვად, ელეგანტურად ასრულებს სამეფო კარის ქალბატონის როლს. მღერის ძალიან ძლიერად და თავდაჯერებელად, კეკლუცობს. ის კარგად გრძნობს თავს მეფის კარზე. კაბა მოხდენილად აქვს მორგებული, მეფურად დიდებულია. მას არაფრის ეშინია, ხელის ერთი მოძრაობით ცვლის გარემოს. მაგრამ შემდეგ ყველაფერი იცვლება… ნიღაბი ეცემა და ლამაზმანი ლომივით აღიმართება ყველას – ბედნიერი მეტოქის, მეფის, ბედისწერის წინააღმდეგ. და ებოლის არია – საკუთარი სილამაზის დაწყევლა, ისმის, როგორც მისი ოდესღაც მარტივი და კომფორტული ცხოვრების რეკვიემი.”
საქართველოს ელჩმა, პაატა კალანდაძემ გულითადად მიულოცა სასიქადულო ხელოვანებს დამსახურებული წარმატება, მადლობა გადაუხადა მაესტრო დანიელ ორენს საქართველოში მოღვაწეობისა და თანადგომისთვის. ორივემ, ისრაელი-საქართველოს მომავალი ნაყოფიერი თანამშრომლობის დიდი იმედი გამოთქვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები