თამარ ხულორდავა: პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს მესამე მოსმენით უყრის

უმრავლესობის წევრის თამარ ხულორდავას თქმით, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს მესამე მოსმენით უყრის. მისი თქმით, ამ პროცესით სრულდება ძალიან მნიშვნელოვანი, საკონსტიტუციო რეფორმის ისტორიული პროცესი.

“ამ ცვლილების შედეგად ჩვენ გვექნება გამართული, ევროპული ტიპის, კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან სრულ შესაბამისობასი მყოფი ახალი კონსტიტუცია. სწორედ ეს დაადასტურა ვენეციის კომისიამაც თავის პლენარულ სხდომაზე, პლენარული სხდომა გაიმართა სულ რამდენიმე დღის წინ, სადაც განიხილებოდა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ შეფასებები იყო ძალიან პოზიტიური, ძალიან დადებითი, პირდაპირ გეტყვით, რომ ტექსტში არის ასეთი ჩანაწერი, რომ რეფორმის პროცესი ასრულებს საქართელოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო სისტემისკენ და წარმოადგენს დადებით ნაბიჯს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის გაუმჯობესების და კონსოლიდაციისკენ, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპების საფუძველზე. ასევე აღნიშნულია, რომ ცვლილებებით უმჯობესდება ტექსტი, და ის რომ კომისიის რეკომენდაციები არის გათვალისწინებული.

ძალინ მნიშვნელოვანი იყო ამ რეფორმისთვის თავდაპირველი განცხადება, რომელიც გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ და საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ ავიღეთ საჯარო პირობა, რომ არც ერთი ცვლილება, რომელზეც იქნებოდა უარყოფითი შეფასება ვენეციის კომისიისგან, არ მოხვდებოდა კონსტიტუციის ტექსტში. სწორედ ეს არის აღიარებული და დადასტურებული ვენეციის კომისიის ექსპერტების მხრიდან, რომ სწორედ ეს პირობა არის ზედმიწევნით შესრულებული. მართლაც, არც ერთი ასეთი ცვლილება არ არის ტექსტში ასახული. ჩვენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით ვემშვიდობებით ძალიან მანკიერ პრაქტიკას, იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც უკვე წლების განმავლობაში დამკვიდრებულია საქართველოს პარლამენტში და რომელიც იწვევს იმას, რომ ერთი პარტია ძალიან ძლიერად დომინირებს პარლამენტში და ეს ცვლილებები არის მართლაც რევოლუციური, ძალიან ფუნდამენტური, ძალიან გაბედული, იმიტომ, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს უფრო მეტი დემოკრატიისკენ და პლურალიზმისკენ, პლურალიზმისკენ, მეტი წარმომადგენლობისკენ საქართველოს პარლამენტში და, მიუხედავად იმისა, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ხდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ვენეციის კომისიისგანაც ერთხმად და ცალსახად იქნა აღიარებული, რომ ის სისტემა, რომელიც ძალაშია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ასევე არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი და სრულად უზრუნველყოფს მცირე პარტიების წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში და, ამდენად, არის მისალმებული და მხარდაჭერილი ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ჩვენ 2020 წლიდან უკვე გვექნება საარჩევნო სისტემა იმგვარი, რომ ბარიერი დაწეულია 5-დან 3 პროცენტამდე, გარდა ამისა, ვენეციის კომისია მიესალმება იმას, რომ მათ შორის ოპოზიციის მოთხოვნა იქნება გათვალისწინებული ბლოკების ერთჯერადად დაშვებასთან დაკავშირებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, აუცილებლად განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილო იმ ნაბიჯზე, რომელიც ასევე პოზიტიურად იქნა აღქმული ჩვენი პარტნიორების მხრიდან და რაც უკავშირდება ე.წ. ბონუსის სისტემის საბოლოოდ გაუქმებას – ეს არის ძალიან გაბედული ნაბიჯი ნამდვილად, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა, სადაც ჯერ კიდევ არის პოლიტიკური სპექტრი საკმაოდ პოლარიზებული, მართლაც არის საკმაოდ მკვეთრი ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადადგმული, რაც უზრუნველყოფს მეტ პლურალიზმს და პოლიტიკური კულტურის განვითარების საფუძვლებს ქმნის ჩვენს ქვეყანაში.

ამდენად, კიდევ ერთხელ ვენეციის კომისიიდან გვაქვს ძალიან მაღალი შეფასებები ამ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიღებთ კონსტიტუციას, რომელიც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის სრულ შესაბამისობაში საუკეთესო ევროპულ ტრადიციებთან და საკონსტიტუციო სამართლის ყველა ფუნდამენტურ პრინციპთან”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები