ირაკლი ქადაგიშვილი – ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: ის სპეკულაციები, რომელიც მათ ჰქონდათ მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, სწორედ საერთაშორისო არბიტრაჟების გადაწყვეტილებებით გაქარწყლებულია
„ვხედავთ, რომ ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებით ის დიდი სპეკულაცია, რაც ხაზარაძე-ჯაფარიძემ და ამ ჯგუფმა აწარმოა, სრული ფიასკოთი სრულდება,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვერც ერთ ჯერზე ამ ადამიანებმა ვერ შეძლეს ამ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ვერც ინვესტიციების მოზიდვა და ვერც სხვა საქმის უზრუნველყოფა.
„პარიზის არბიტრაჟი და ახლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების არბიტრაჟი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალური ხელშეწყობის პირობები შეუქმნა ამ პროექტს განხორციელებისთვის, მაგრამ ვერც ერთ ჯერზე ამ ადამიანებმა ვერ შეძლეს ამ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ვერც ინვესტიციების მოზიდვა და ვერც სხვა საქმის უზრუნველყოფა.
დანარჩენი, ის სპეკულაციები, რომელიც მათ ჰქონდათ მთელი ამ წლების განმავლობაში, საქართველოსა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, სწორედ საერთაშორისო არბიტრაჟების გადაწყვეტილებებით გაქარწყლებულია. გარდა იმისა, რომ ეს დავები წაგებული აქვთ, ამავდროულად საქართველოს მთავრობის და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მათ გარკვეული თანხების გადახდა აქვთ დაკისრებული“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. მათივე ცნობით, აღნიშნული დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას, თუმცა არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.
ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს ინვესტორმა ბობ მეიერმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა.