ბექა ძამაშვილი – ანაკლიის პორტის საქმეზე: ალბათ, უნდა დამთავრდეს სპეკულაციები თითქოს რაღაც ამერიკულ თუ დასავლურ ინვესტიციას შეეშალა ხელი, რადგან უკვე დღეს გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება

,,ვაშინგტონის არბიტრაჟმა ძალიან მკაფიო პასუხი გასცა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ თუ ის ჩაიდენს დანაშაულს, მას ექნება რაიმე დაზღვევა იმის გამო, რომ რომელიმე პოლიტიკოსთან არის დაკავშირებული”,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა ანაკლიის პორტის საქმეზე ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს.

„საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს რამხელა პოლიტიკური აჟიოტაჟი იყო ანაკლიის პორტის თაობაზე, რომელიც ფაქტობრივად დღემდე გრძელდება, თითქოს ეს პროექტი ვერ განხორციელდა ხელისუფლების ბრალეულობით. საუბარი იყო, რაღაც დასავლური ინვესტიციების ხელშეშლაზე. და აი, ყველა ამ ბრალდებას ჯერ ერთი წლის წინ პასუხის გასცა პარიზის არბიტრაჟმა და დღეს ჩვენ უკვე გაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა. ინვესტორებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ არაერთხელ გადავადებოდათ ამ ვალდებულებების შესრულების პერიოდი თუმცა მათ მხოლოდ საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლეს ამ პროექტის განხორციელება. განსაკუთრებული აქცენტი მათ შორის გამახვილებულია იმ ასპექტზე, რომელზეც ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ძალიან აქტიურად აპელირებდნენ ხოლმე. საუბარია მათ წინააღმდეგ წარმართულ სისხლის სამართლებრივ დევნაზე. ვაშინგტონის არბიტრაჟმა ამ საკითხთან ძალიან მკაფიო პასუხი გასცა და ფაქტობრივად აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ თუ ის ჩაიდენს დანაშაულს, მას ექნება რაიმე დაზღვევა იმის გამო, რომ ის რაღაც პროექტთან თუ რომელიმე პოლიტიკოსთან არის დაკავშირებული. მომჩივნების მიერ დანიშნულმა არბიტრმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთლიანად პროექტის განუხორციელებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ინვესტორებს. და ალბათ უკვე უნდა დამთავრდეს სპეკულაციები თითქოს რაღაც ამერიკულ ინვესტიციას თუ დასავლურ ინვესტიციას შეეშალა ხელი, რადგან უკვე დღეს გვაქვს ჩვენ ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები