პლენარულ სხდომაზე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” შესახებ რეზოლუციის პროექტს განიხილავენ

ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პირველ საკითხად განიხილავს რეზოლუციის პროექტს „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” შესახებ.

დღის წესრიგის თანახმად, დაგეგმილია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” მესამე მოსმენით განხილვა.

პარლამენტი, მიმდინარე კვირაში, პირველი მოსმენით საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს განიხილავს, რომელიც გენდერული კვოტირების საკითხს შეეხება.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, პარტიული სიის შედგენის წესს (როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულო არჩევნებისთვის) განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები იმგვარად, რომ პარტიული სიით წარდგენილი ყოველი მეორე კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. თუ პარტიული სიის ცესკო-ს თავმჯდომარისათვის წარდგენისას პარტიულ სიაში ყოველი მეორე კანდიდატი არ იქნება განსხვავებული სქესის, პოლიტიკურ პარტიას უბრუნდება პარტიული სია ხარვეზის აღმოსაფხვრელად, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია ვერ გაივლის რეგისტრაციას. გარდა ამისა კანონპროექტით რეგულირდება წარმომადგენლობითი ორგანოს გამოკლებული, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული, წევრის უფლებამონაცვლეობის საკითხი სქესთა ბალანსის დაცვის კუთხით.

მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ორმოცზე მეტი განსახილველი საკითხია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები