„შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“ – ასტრიდ ლინდგრენისა და სარა შვარტის მიმოწერას „შაქრო ბაბუა“ უმასპინძლებს

27 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“ ასტრიდ ლინდგრენისა და სარა შვარტის მიმოწერის წარდგენას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ გამომცემლობა „ინტელექტიდან“ აცნობეს, „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“ შვედურიდან თარგმნა ლიკა ჩაფიძემ.
წიგნი „გაკვეთილების შემდეგ საკითხავის“ სერიით გამოიცა და გვანცა ჯობავას მორიგი პროექტია.
1971 წლის აპრილში 12 წლის შვედი გოგო, სარა იუნგკრანცი, პირველ, ძალზე გაბედულ და პირდაპირ წერილს სწერს თავის თანამემამულეს, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და საყვარელ საბავშვო მწერალს, ასტრიდ ლინდგრენს. სარა იმედოვნებს, რომ ცნობილი მწერალი მას ფილმ „თეთრ ქვაში“ ფიდელის როლზე სასინჯ გადაღებებში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება. ცნობილი მწერალი იმდენად მკვახე წერილით პასუხობს, რომ სარა მას ნაკუწებად აქცევს და ტუალეტში ჩარეცხავს. მოგვიანებით კი კიდევ ერთ, უფრო გაწონასწორებულ და თბილს წერილს მისწერს, რომელიც მათი მრავალწლიანი გაბმული მიმოწერის დასაწყისი გახდება.
ამ მიმოწერის ყველაზე აქტიური ფაზა სარას ცხოვრების ყველაზე რთულ და პრობლემებით სავსე ხანას ემთხვევა. მწერალი თავისი თბილი და მეგობრული დამოკიდებულებით ახალგაზრდა ქალის ცხოვრებაში წარუშლელ კვალს ტოვებს. 1971 წლიდან 2002 წლამდე მათ ერთმანეთს 80 წერილი მისწერეს, რომელიც ლიტერატურათმცოდნე და ასტრიდ ლინდგრენის მუზეუმის ბიბლიოთეკარმა, ლენა ტორნკვისტმა, ასტრიდ ლინდგრენის არქივში მოაგროვა და ერთ წიგნად გამოსცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები