ვინ არიან უცხოელი ქალაქმგეგმარებლები, რომლებიც თბილისის გენგეგმის შემუშავებაში მონაწილეობდნენ

თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე, ქართველ ურბანისტებთან და ქალაქმგეგმარებლებთან ერთად, ფრანგი, გერმანელი და ავსტრიელი სპეციალისტებიც მუშაობდნენ. იოახიმ შარესი, ალფრედ პეტერი და იოსტ მაზური რამდენიმე მსხვილი პროექტის ავტორები არიან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში აქვთ განხორციელებული, მათ შორის სტრასბურგში, მარსელში, ბერლინში, პეკინში, მექაში და სხვა.
უცხოელმა ექსპერტებმა ​საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს, გენგეგმის განახლებული პროექტის დასკვნით პრეზენტაციაში მიიღეს მონაწილეობა, რის შემდეგაც ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართეს. ექსპერტები თბილისიდან დღეს გაემგზავრებიან და იმედოვნებენ, რომ ქართველ სპეციალისტებთან ერთად შემუშავებული დოკუმენტი საქართველოს დედაქალაქს სწორი მიმართულებით განვითარებაში დაეხმარება. მათი შეფასებით, დოკუმენტი მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს.
და მაინც, ვინ არიან გენგეგმის ჯგუფის უცხოელი პარტნიორები:
გერმანელი ექსპერტი იოახიმ შარესი, კომპანია Albert Speer + Partner GmbH -ის დაფუძნებელია (1964 წელი). მუშაობს ინოვაციურ მეთოდებზე არქიტექტურაში ურბანულ პროექტებსა და სატრანსპორტო გადაზიდვების დაგეგმვაში. ამ პროცესში იგი იყენებს მრავალი ათწლეულის საერთაშორისო გამოცდილებას დაპროექტების და მართვის დაგეგმარებაში და სამშენებლო პროექტებში. მისი კომპანიის პორტფოლიო მოიცავს ურბანულ დაგეგმარებას, ურბანული და რეგიონალური განვითარების პროექტებს, ლანდშაფტურ არქიტექტურას, გეგმარებით პროექტებს ტურიზმისა და დასვენებისთვის, კონცეპტუალურ დაგეგმვასა და სხვა.
იოახიმ შარესს განხორციელებული აქვს პროექტები: გენერალური სტრატეგიული ურბანული გეგმა ქალაქი ალესანდრიისთვის 2032 წლისთვის, ეგვიპტე; სამოქმედო გეგმა ტრანზიტზე ორიენტირებული პროექტისთვის – ერ-რიადი, საუდის არაბეთი; ასწლიანი ქალაქის გენერალური გეგმა, აბუჯა, ნიგერია; ფრანკფურტი ყველასათვის – განვითარების გეგმა, მიდლთაუნის გენერალური გეგმა, კიოლნი, გერმანია და სხვა.

ფრანგი ექსპერტი ალფრედ პეტერი საკუთარი სტუდიის შექმნამდე სტრასბურგში, კომპანია Alexandre CHEMETOFF-ში მუშაობდა. 2011 წელს გახსნა სტუდია ლიონში. 30-წლიანი კარიერის შედეგად ალფრედ პეტერს აქვს დიდი მიღწევები ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საჯარო სივრცეები, მობილობა და ტერიტორიული განვითარების პროექტები.
მის მიერ განხორციელებული პროექტებია: მონპელიე – ეკო ქალაქის დაგეგმარება; გრანდ პარიზი – მომავალი მეტროპოლიის ხედვა; გრენობილი – მდინარე ისერის სანაპიროების დაგეგმარება; სოფია ანტიპოლისი 2030 მასტერ პლანი; სტრასბურგის ტრამვაი – ტრამვაის ურბანული ინტერგაცია ქალაქში, მარსელის, სტრასბურგის ქალაქგეგმარებითი პროექტები და სხვა.

ავსტრიელი იოსტ მაზური, კომპანია DR. BRENNER INGENIEURGESELLSCHAFT MBH -ში, 1978 წლიდან უზრუნველყოფდა კერძო და საჯარო პროექტების განხორციელებას შემდეგ სფეროებში: სატრანსპორტო მოძრაობის დაგეგმარება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ინჟინერია, საგზაო საინჟინრო კონტროლი და მართვა, საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის განვითარება და სხვა.
2008 წელს კომპანია გახდა უდიდესი ავსტრიული კომპანია BERNARD Group -ის ნაწილი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს საინჟინრო ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროექტების სრულ ციკლს, კერძოდ: ანალიზი, შეფასება, დიზაინი, პროექტის მენეჯმენტი და განვითარება.
მაზურის განხორციელებული აქვს პროექტები: ჩინეთის, პეკინის ჰაიდიარის რაიონის სატრანსპორტო მასტერპლანი; კიოლნის სატრანსპორტო მასტერპლანი; პოტსდამის ცენტრის სატრანსპორტო კვლევა; საუდის არაბეთში, წმინდა ქალაქ მექას აღმოსაველთ-დასავლეთ დერეფნის კვლევა-განვითარება; მაღალგამტარუნარიანი ავტობუსების – BRT ხაზის შესწავლა და სხვა.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ანალიზი 2015 წლის იანვარში დაასრულა, რის შედეგადაც აუცილებელი გახდა ქალაქის ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ორიენტირებული გენგეგმის შემუშავება-განახლება.
განახლებულ გენგეგმაზე მუშაობა 2015 წლის 15 ოქტომბრიდან მიმდინარეობს. დამკვეთისთვის წარდგენილია პროექტის საბოლოო ვერსია და მისი მიღების შემდგომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია დოკუმენტს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადასცემს გასნახილველად და დასამტკიცებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები