ანა დოლიძე: მოსამართლეთა უვადო გამწესება, შესაძლოა, დროებით შეჩერდეს

“მოსამართლეთა უვადო გამწესება, შესაძლოა, დროებით შეჩერდეს, სანამ დანიშვნების პროცედურის სერიოზული რეფორმა არ მოხდება” – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული მოსაზრება დღეს, სასამართლო რეფორმის მთავარი მიმართულებების სამუშაო ჯგუფის მე-5 შეხვედრაზე გამოითქვა.
ამასთან, ანა დოლიძე სამუშაო ჯგუფის შეხვდრის შემდეგ აღნიშნულ გადაწყვეტილებას თავადაც მიესალმება.
“მივესალმები, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან გამოხატულია აქტიური რეფორმების სურვილი სასამართლო ხელისუფლებაში. ვფიქრობ, ეს არის დამსახურება იმის გააზრებისა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში შექმნილია ბევრი პრობლემა, მათ შორის უვადო დანიშვნებთან დაკავშირებით. დღეს აქ გამოითქვა ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომ უვადო დანიშვნები უნდა გაჩერდეს, სანამ დანიშვნების პროცედურის სერიოზული რეფორმა არ მოხდება. ვფიქრობ, პარლამენტის დამოკიდებულება, თუ ის ნამდვილია, იმ აქტიურობის შედეგია, რომელიც გამოვლენილი იყო სწორედ უვადო დანიშვნებთან მიმართებაში და რამაც დაგვანახა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში კვლავაც დარჩენილია ბევრი ხარვეზი და პრობლემა, რომელსაც გამოსწორება სჭირდება”,- განაცხადა დოლიძემ.
დოლიძე განმარტავს, რომ შესაბამისი მზაობა გამოითქვა როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, ისე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან.
“მთელი შეხვედრის სულისკვეთება იყო, რომ რეფორმა იქნება აქტიური და დათქვეს კიდეც ვადები, როდესაც უნდა მოხდეს რეფორმატორული წინადადებების შემუშავება. მე ვფიქრობ, ეს სულისკვეთება არის იმის დამსახურება, რომ ჩვენმა საკანონმდებლო ორგანომ და მისმა ლიდერებმა გაიაზრეს, რომ სასამართლო ხელისუფლება არის ის ლაბორატორია, რომლის მიხედვითაც დაუდგება ნიშანი ჩვენს სახელმწიფოს – ეს არის კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფო თუ არა”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები