21 მარტს მეთოჯინეთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

21 მარტს, 12:00 საათზე, თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თოჯინების თეატრი  მეთოჯინეთა საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი პროგრამით აღნიშნავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, 12:00 საათზე,  „სილქ ფაქტორი სტუდიოსთან“ არსებულ საგამოფენო სივრცეში ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. გამოფენაზე 30-მდე მეთოჯინე საკუთარ ექსპოზიციას დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს.
ღონისძიებას მუსიკალურად ააიპ „მშობელთა ხიდთან“ არსებული პარაორკესტრი გააფორმებს. მუსიკალური პროგრამა ქართული კლასიკური მუსიკის და ასევე ქართული და უცხოური კინომუსიკიდან იქნება წარმოდგენილი.
13:00 საათზე სპექტაკლი „საქართველო“ გაიმართება, სადაც თოჯინების თეატრი მეხანძრე მაშველებს შვილებთან ერთად უმასპინძლებს.
16:00 საათზე, საგამოფენო პროგრამის ფარგლებში ასევე მოეწყობა სახელოსნო „არტმანის“ ლურჯი სუფრის მოტივებით, კრეატიული დეკუპაჟის ტექნიკით შესრულებული თოჯინების გამოფენა-გაყიდვა. სახელოსნო „არტმანი“, აგრეთვე, უფასო მასტერკლასს გამართავს. მასტერკლასში მონაწილე 6-14 წლის ასაკის მოზარდებს თავად შეეძლებათ დამზადებული ხის თოჯინების მოხატვა სპეციალური წყლის საღებავების გამოყენებით. საკუთარ შესრულებულ ნამუშევრებს „არტმანი“ ავტორ მოზარდებს გადასცემს.
19:00 საათზე სპექტაკლი „საქართველო“ კიდევ ერთხელ უკვე რეგულარულ ფორმატში გაიმართება.
თოჯინების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება თოჯინების თეატრის და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები