ირაკლი კობახიძე: ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის წვლილს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში

„მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, მადლობა გადავუხადო ბატონ ელჩს მის მიერ გაწეული სამუშაოსათვის მისი 4 წლიანი მისიის განმავლობაში საქართველოში. მე ვიტყოდი, რომ მისი ელჩობის პერიოდი კიდევ ერთი გამორჩეული ისტორიული ეტაპი იყო საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გაღრმავების მხრივ და ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის წვლილს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში და ასევე დიდად ვაფასებთ ბატონი ელჩის პირად წვლილს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამტკიცებაში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იან კელის საქმიანობის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით გამართულ გამოსამშვიდობებელ მიღებაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მე ბევრს არ ვისაუბრებ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, მხოლოდ ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეყნისათვის არსებითი მნიშვნელობისაა, რომ ჰყავს ასეთი ძლიერი მხარდამჭერი, რადგან ამ მხარდაჭერის გარეშე, ჩვენთვის ძალიან რთული იქნებოდა ძლიერი სახელმწიფოს შენარჩუნება და კიდევ ერთხელ, უდიდეს მადლიერებას გამოვხატავთ ამერიკის მიერ გაწეული მხარდაჭერისათვის”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„დიდ მადლობას მოვახსენებთ ბატონ ელჩს, რამეთუ იგი ჭეშმარიტად შესანიშნავი წარმომადგენელი იყო თავის ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების და შესანიშნავი ელჩი იყო საქართველოსათვის და მე გული მწყდება, რომ იგი ტოვებს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ მას საქართველოში უამრავი მეგობარი ჰყავს. იგი საქართველოს ერთგული მეგობარია და ჩვენ მადლიერი ვართ მისი ქართველი ხალხისა და საქართველოსადმი გულთბილი დამოკიდებულებისათვის. მე მსურს ბატონ ელჩს წარმატება ვუსურვო მის მომავალ საქმიანობაში ჩიკაგოში და კიდევ ერთხელ გადავუხადო მას მადლობა,”-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები