არასამთავრობოები მზად არიან იმ ქალებს, რომლებიც დევდარიანს ადანაშაულებენ, იურიდიული დახმარება აღმოუჩინონ

არასამთავრობო ორგანიზაციები ზვიად დევდარიანის მხრიდან, სექსუალური შევიწროების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვხატავთ უკიდურეს წუხილსა და შეშფოთებას იმ ფაქტების გამო, რომლებიც ჩვენთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ჩვენი კოლეგის, ზვიად დევდარიანის წარდგენის შემდეგ გახდა ცნობილი და მის მიერ, ქალების სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევებს ეხება.

პირველ რიგში სრულ სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებთ იმ ქალებს, რომლებიც თავს სექსუალური ძალადობის ან შევიწროების მსხვერპლად მიიჩნევენ. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ყველა მათგანს, საკუთარი უფლებების დასაცავად, უფასო იურიდიული დახმარებას და სამართლებრივ მხარდაჭერას ვთავაზობთ, მათ შორის აღნიშნული საქმის წარმოების პროცესში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენი შეფასების საგანს არ წარმოადგენს გახმაურებული ისტორიების ნაწილი, რომელიც საკუთარი შინაარსით ადამიანის პირადი ცხოვრებით დაცულ სფეროს ფარგლებში ექცევა და ქცევის ზნეობრიობისა და მორალურობის  შეფასების კატეგორიას განეკუთვნება, რადგან გვწამს, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, თავად გადაწყვიტოს, რა არის მისთვის მორალურად მისაღები და რა – მიუღებელი. თუმცა როდესაც ადამიანის ქცევა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ უპატივცემულობაში გამოიხატება, ბუნებრივია, ის ყოველთვის მოექცევა ჩვენი მკაცრი კრიტიკის ქვეშ.

ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს ორმაგ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ის ფაქტი, რომ თავად ჩვენს შორის ვერ მოვახერხეთ მსგავსი მოვლენების პრევენცია. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ბოლო მოვლენები, ჩვენი საზოგადოებისთვის ძლიერ ბიძგად იქცეს ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლაში და აღნიშნულ თემაზე დუმილის დასაძლევად მნიშვნელოვანი გარდატეხის მომტანი აღმოჩნდეს, რადგან  სამწუხაროდ პრობლემა გაცილებით მასშტაბურია. მხოლოდ სპეციალური კანონმდებლობის სრულყოფა ვერ უზრუნველყოფს ამ მიზნის მიღწევას და აუცილებელია პრევენციული და საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერა, რომლის განხორციელებაშიც მნიშვნელოვანი როლი სწორედ სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ქონდეს.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ იმ მძიმე სამართლებრივი და სხვა სახის შედეგების გათვალისწინებით, რაც სექსუალური ძალადობის ბრალდებას შეიძლება მოყვეს, მხოლოდ ყოველი ამგვარი შემთხვევის დეტალური შესწავლა იძლევა როგორც სავარაუდო მსხვერპლების სათანადო დაცვის, ასევე სხვა საფრთხეების თავიდან აცილების საშუალებას“,- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს: „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”,  „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარებისა ინსტიტუტი“ და „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები