მამაკაცი, რომელსაც მეზობელმა ცეცხლი წაუკიდა, რეანიმაციაშია – რას აცხადებს ექიმი

პაციენტი, რომელსაც მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, უკვე მეორე დღეა დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პაციენტი ტყიბულიდან რეანომობილით გუშინ გადმოიყვანეს.
მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნება.
გუგა ქაშიბაძე „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ შემთხვევის შედეგად პაციენტს დამწვრობა ძირითადად თავის არეში აქვს მიღებული.
ცნობისათვის, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში ახალგაზრდა მამაკაცს მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც „კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1949 წელს დაბადებული თ.ქ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელს – 1967 წელს დაბადებულ მ.ქ.-ს საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა სტაციონარში გადაიყვანეს. პოლიციამ თ.ქ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლით“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები