„ლომჯარიამ სამარცხვინო ნაბიჯი გადადგა, თავმოყვარეობის ნასახი რომ ჰქონდეს, პოსტს დატოვებდა“

ნინო ლომჯარიას დაავიწყდა, რომ არასამთავრობოების დამცველი კი არ არის, სახალხო დამცველია, – ამის შესახებ კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ლომჯარიამ სამარცხვინო ნაბიჯი გადადგა, როცა ბელა ოსიპოვას ნაცვლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად, ზვიად დევდარიანი წარადგინა.
„ნინო ლომჯარიამ სამარცხვინო ნაბიჯი გადადგა, მას თავმოყვარეობის ნასახი რომ ჰქონდეს, პოსტს დატოვებდა. საქართველოში არსებულმა ყველა ორგანიზაციამ, ვინც ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს და ამ საკითხებზე ზრუნავს, ბელა ოსიპოვას კანდიდატურა წარადგინა. ოსიპოვას, მე პირადად, არ ვიცნობ, არც არასდროს მინახავს. ამ შემთხვევაში ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ერთსულოვნება, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს. ძალიან იშვიათია შემთხვევები, როდესაც აზერბაიჯანლები და სომხები ერთ აზრზე არიან. საქართველოში ეს ხდება იშვითად, მაგრამ ხდება. ზუსტად ეს მომენტი იყო, როცა სომხური დიასპორის წარმომადგენელს აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი, უკრაინელებმა, ებრაელებმა, რუსებმა, ლატვიელებმა – ყველამ ერთად განაცხადა, რომ მხარს უჭედნენ კონკრეტულ კანდიდატს. ეს ლომჯარიამ მშვენივრად იცოდა. მასაც მიმართეს, პარლამენტსაც მიმართეს, საზოგადოებასაც მიმართეს ამ ორგანიზაციებმა (70-მა ორგანიზაციამ) და თქვეს, რომ ჩვენი არჩევანი არის ქალბატონი ოსიპოვა – არა, ლომჯარიამ წარადგინა დევდარიანი, რომელიც ქალთა უფლებების დამცველია და, როგორც აღმოჩნდა, ზუსტად ისეთი დამცველია, ქალთა უფლებების, როგორიც კაპიტანი ეკა გიგაური იცავს ჩვენ უფლებებს. ან ვთქვათ ლომჯარია არის სახალხო უფლებების დამცველი, ქალბატონ ლომჯარიას დაავიწყდა, რომ არის სახალხო დამცველი, არასამთავრობოების დამცველი კი არ არის, ხალხის უფლებები უნდა დაიცვას და ხალხის უფლებები რომ დაიცვას, უნდა ერკვეოდეს, რომ ქართველი ხალხი არ არიან მხოლოდ ეთნიკურად ქართველები. ქართველი ხალხი არიან სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, უკრაინელები, ესტონელები. ლატვიელები და ა.შ. და ჩვენ ყველანი ერთად, ვართ ქართველი ხალხი”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები