„ბიურო ვერიტასის” ექსპერტები გუდაურში ვითარების შესწავლას განაგრძობენ

დამოუკიდებელმა უცხოელმა ექსპერტებმა გუდაურში „საძელეს” საბაგიროს სადგურის შესწავლა დღეს განაახლეს. ამის შესახებ “კვირას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

სპეციალურად დასკვნის ობიექტურობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საერთაშორისო კომპანიის „ბიურო ვერიტასის” ექსპერტები საქართველოში მოიწვია. მათ მიერ ობიექტზე მექანიკურ-ტექნიკური მდგომარეობის გაცნობა და ინციდენტის ადგილის დათვალიერება გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ამჟამად ექსპერტები დოკუმენტაციის შესწავლით არიან დაკავებულნი.

“შესწავლის პროცესში, დამოუკიდებელი ექსპერტული კომპანიის „ბიურო ვერიტასის” ექსპერტების გარდა, მონაწილეობდნენ საქართველოს პროკურატურის გამომძიებლები, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და  შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და ასევე უშუალოდ საბაგიროს მწარმოებელი კომპანიის „დოპელმაიერის” წარმომადგენლები. გუდაურში იმყოფება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

კომპანია “ბიურო ვერიტასს” აქვს საბაგირო ლიფტების შემოწმებისა და ექსპერტიზის, ასევე გუდაურში მომხდარი მსგავსი შემთხვევების ექსპერტული გამოძიების სპეციალური ქვედანაყოფი”,- აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები