კახა ბექაური – ჩვენ კი არ უნდა ვიმსჯელოთ, ვის როგორი მაუწყებელი მოგვწონს, უნდა შევთანხმდეთ საზომებზე, როგორ შევაფასოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა

ჩვენ უნდა შევთანხმდეთ საზომებზე, ინდიკატორებზე, როგორ შევაფასოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა და რა პერიოდულობით”, – ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც კახა ბექაურმა აღნიშნა, მაუწყებლის საქმიანობის შეფასების პრაქტიკა უკვე არსებობს და ასეთი შეფასების ინდიკატორი სამია.

„აქაც შეყურადევულ რეალობასთან გვაქვს საქმე, ისე წარმოადგინეს, თითქოს სარეკლამო შემოსავალი ფულის დამატებისთვის სჭირდება საზოგადოებრივ მაუწყებელს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. საერთოდ, ბევრი არასწორი მოსაზრება მესმოდა მთელი ამ დროის განმავლობაში. ზოგიერთი არასამთავრობოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ აი, ასეთი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორიც მას მოსწონს. ეს სწორი არ არის. ჩვენ ამაზე კი არ უნდა ვიმსჯელოთ, ვის როგორი მოგვწონს, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ საზომებზე, ინდიკატორებზე, ანუ როგორ შევაფასოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა და რა პერიოდულობით. ჩვენ იმ პარამეტრებზე უნდა ვიმსჯელოთ, ანუ ჩვენი სამსჯელოა ინდიკატორები, რითაც უნდა შეფასდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ამის გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკაც არსებობს, ასეთი ინდიკატორი არის სამი. ეს არის რაოდენობრივი ინდიკატორი, როგორიც არის რეიტინგი, რომელიც არის ყველასთვის, მათ შორის კერძო მაუწყებლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის შეფასების ინდიკატორი, მაგრამ ის არის რაოდენობრივი ინდიკატორი. მეორეა რეკლამა, რომელიც სინამდვილეში ფულისთვის კი არ იყო, იმისთვის მოხდა ეს ცვლილება, რომ რეკლამა არის ხარისხის ინდიკატორი. საზოგადოებრივი მაუწყებელი ნიშურ გადაცემებსაც აკეთებს, სადაც მაყურებლის რაოდენობა შეიძლება ბევრი არ იყოს, მაგრამ რეკლამის მიმცემს თუ დააინტერესებს ამ გადაცემაში რეკლამის მიცემა, ეს ნიშნავს, რომ ის ხარისხიანი გადაცემაა. ამიტომ არის, რომ რეკლამა ხარისხის მაჩვენებელი ინდიკატორია. მესამე, რადგანაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩვენი ფულით, საზოგადოების ფულით ფინანსდება, მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რამდენ ფულს აბრუნებს უკან, ანუ უბრუნებს საზოგადოებას საზოგადოებრივი მაუწყებელი. ქართულ წარმოებაში, ქართულ კონტენტში რა ფულს ხარჯავს და რამდენად მცირე გააქვს საზღვრებს გარეთ, რომ უცხოური კონტენტი იყიდოს. ეს სამი მთავარი ინდიკატორია, შეიძლება იყოს სხვაც, მაგრამ ამაზე გვაქვს სამსჯელო, ამაზე უნდა შევთანხმდეთ. შემდეგ უნდა ვაცადოთ, უნდა ვთქვათ ვადები, ერთი წელი, ორი წელი, რომ შესაბამისად ამ ინდიკატორებით გავზომოთ, რამდენად კარგად მიდის საზოგადოებრივ მაუწყებელში საქმე. თუ არ მიდის, მაშინ უნდა მოვთხოვოთ პასუხი“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამა სჭირდება. ბექაურის განმარტებით, რეკლამა რომ დარჩენილიყო ხარისხობრივ ინდიკატორად და საზოგადოებრივ მაუწყებელს არ წაერთმია კომერციული ტელევიზიებისთვის დიდი ნაწილი, სწორედ ამიტომ საუბარია შეზღუდულ და პრაქტიკულად, სარეკლამო ბაზრის მხოლოდ 2%-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები