ალექსანდრე ანქვაბი საავადმყოფოში მოათავსეს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. ანქვაბს ჰიპერტონიული კრიზისის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან ბჟანიამ განცხადება გაავრცელა.
“დაახლოებით 21:15 საათზე პრეზიდენტი დამოუკიდებლად მივიდა სოხუმის მე-2 საქალაქო საავადმყოფოში, სადაც კარდიოლოგიურ განყოფილებაში იყო ჰოსპიტალიზებული. გამოკვლევების შემდეგ პაციენტს ჰიპერტონიული კრიზისის დიაგნოზი დაუსვეს. დღეს დილისთვის სპეციალისტები პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ, არტერიული წნევა და სხვა ჰემოდინამიკური მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია”, – აღნიშნულია ბჟანიას განცხადებაში. როგორც აფხაზური მედია წერს, გუშინ პარტია “ამცახარასა” და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ანქვაბი შეუძლოდ გახდა. მას პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა და სტაციონარული მკურნალობის რეკომენდაცია მისცა.