გიორგი მარგველაშვილმა NDI-ის პრეზიდენტს საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა

ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში საქართველოს პრეზიდენტის სახელით მიღება გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა NDI-ის პრეზიდენტს, კენ ვოლაკს საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა. მიღებას ამერიკის ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორისა და ანალიტიკური წრეების ლიდერები ესწრებოდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა, განსაკუთრებით, აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანს, NDI-ის თავმჯდომარეს მადლენ ოლბრაიტს, რომელიც შეხვედრას კენ ვოლაკთან ერთად ესწრებოდა.

გიორგი მარგველაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ NDI-ში მუშაობისას ურთიერთობდა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც იზიარებდნენ საერთო ღირებულებებს და მისივე თქმით, ამ ღირებულებების გაზიარება იყო მათი მოწოდება და არა მხოლოდ საქმიანობა.

“მადლობა იმ შანსისა და შესაძლებლობისათვის, რომელიც მომეცა ამ ინსტიტუტში მუშაობისას. მიზანი –  აგვეშენებინა უკეთესი საქართველო, ქვეყანა, რომელიც დინამიურად და უკეთესად ვითარდება. აქ ვისწავლე რამდენად ეფექტიანია დემოკრატია, დეტალები, როგორ ხორციელდება ის რეალობაში. ამან გახადა საქართველო უფრო სტაბილური”,- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, დემოკრატიულ ქვეყანას და საზოგადოებას უფრო ძლიერად შეუძლია უსაფრთხოების გამოწვევებს გაუძლოს.

“აშშ-ში ჩამოსვლისას ჩემი განცდა არის შვება, რომ გავუზიარო საქართველოს პარტნიორებს ჩვენი ხედვები და დავსახო სტრატეგიები ჩვენს მოკავშირეებთან ერთად. ჩვენ არ გვჭირდება ვიღაცის დარწმუნება, ჩვენ განვიხილავთ საკითხებს და ამერიკის ადმინისტრაციასთან ვსაუბრობთ იმ ტაქტიკაზე, როგორ მივაღწიოთ მიზნებს”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიღებაზე.

პრეზიდენტმა NDI-ის პრეზიდენტს კენ ვოლაკს გაწეული სამსახურისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა და აღნიშნა, რომ ეს სტატუსი, სიცოცხლის ბოლომდე, ქართველი ერის ერთგულებას გულისხმობს.

NDI-ის თავმჯდომარემ მადლენ ოლბრაიტმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს სწრაფვას ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ტრანსატლანტიკური საზოგადოება, კიდევ უფრო გაძლიერდება და განახლდება თუ მიიღებს ისეთ ახალგაზრდა, განვითარებად და ძლიერ დემოკრატიებს როგორიც საქართველოა. მადლენ ოლბრაიტი მიესალმება საქართველოს ძალისხმევას განავითაროს და გააძლიეროს ღია მმართველობა.

“ჩვენი საერთო მიზანია, მოვახდინოთ დემოკრატიისა და მომავალი კეთილდღეობისადმი ქართველი ხალხის მისწრაფებების რეალიზება. ქართველმა ხალხმა ნათლად დააფიქსირა ევროპული მისწრაფებებისადმი საკუთარი პოზიცია როგორც წინა, ასევე ახალი ხელისუფლების მოსვლისას და უდავოა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია”, – აღნიშნა მადლენ ოლბრაიტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები