ზუგდიდში დაჭრილი მოზარდი წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მე -10 კლასის მოსწავლეა

„კვირას“ ინფორმაციით, ზუგდიდში, სისხლიანი გარჩევის შედეგად დაჭრილი მოზარდი, წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მე -10 კლასის მოსწავლეა.

გიმნაზიის დირექტორი მანანა ნაჭყებია მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„უკაცრავად, ახლა სასკოლო არდადეგებია და ვერაფერს გეტყვით“, – განუცხადა „კვირას“ გიმნაზიის დირექტორმა.

თუმცა, „კვირასთან“ საუბრისას, ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახაბერ ქარცვანიამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ დაჭრილი მოზარდი, ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მე -10 კლასის მოსწავლეა.
მისი თქმით, მოზარდს ჭრილობა გულ-მკერდის არიეში აღენიშნება.
„ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მოზარდს ჭრილობა ბასრი საგნით, გულ-მკერდის მიდამოებში აქვს მიყენებული. ექიმების ინფორმაციით, ჭრილობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ აღმოჩნდა“, – აცხადებს კახაბერ ქარცვანია.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი ცივი იარაღით დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ჩხუბში 4 მოზარდი მონაწილეობდა. დაჭრილი ახალგაზრდა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას სასწრაფოდ ოპერაციისთვის ამზადებენ.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ზუგდიდის წმიდა გიორგის სახელობის გიმნაზია 1995 წელს დაფუძნდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები