სემეკის გადაწყვეტილებით სს „თელასს“ მოქალაქისთვის კომპენსაციის გადახდა დაევალა

სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადების დარღვევის გამო, სს „თელასს“ მოქალაქის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაევალა.

მოქალაქემ კომპანიას განცხადებით მიმართა და მოითხოვა კუთვნილი ობიექტის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება. კომპანიამ მიიღო განაცხადი და სემეკის „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად, განსაზღვრა მიერთების უზრუნველყოფის ვადა. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელმა შეასრულა მისი ვალდებულებები, კომპანიამ დროულად არ მიაერთა მოთხოვნილი ობიექტი ქსელზე და სამჯერ დაარღვია ვადები.

სემეკის გადაწყვეტილებით, მიერთების ვადის პირველი გადაცილების გამო, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური განახევრდა და კომპანიას დაევალა 400-ლარიანი მიერთების საფასურის ნახევრის – 200 ლარის დაბრუნება მოქალაქისთვის. მიერთების ვადის მეორე გადაცილების გამო მიერთებისათვის გადასახდელი თანხა განულდა. მიერთების ვადის მესამედ გადაცილების გამო, სს „თელასს“ დაევალა მოქალაქეს გადაუხადოს კომპენსაცია მიერთების საფასურის 50%-ის ოდენობით (200 ლარი) მის სააბონენტო ბარათზე, შემდგომი ანგარიშსწორებისთვის.

ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცესს და წესების დაცვას, კომპანიის მხრიდან, სემეკი ახალი პროგრამის – კომერციული მომსახურების ხარისხის მონიტორინგის სისტემის საშუალებით რეალურ დროში აკვირდება. პროგრამას “Doing Business”-ის გუნდმა მაღალი შეფასება მისცა. ახალი პროგრამის საშუალებით კომისია რეალურ დროში ხედავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებში შესული განაცხადების რეგისტრაციისა და კომპანიის მიერ მათზე რეაგირების პროცესებს.

ამასთან, სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, თუ თვლიან რომ ირღვევა მათ უფლებები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს ნომერზე – 16 216. მოქალაქეებს კონსულტაციების გავლა შეუძლიათ კომისიის ფეისბუქის გვერდის საშუალებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები