„არემჯი გოლდი“: აუქციონთან დაკავშირებით, ოპონენტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია უხეშ უზუსტობებს შეიცავს

კომპანია „არემჯი გოლდი“ დღეს გამოცხადებულ აუქციონთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაცია, რომელსაც ოპონენტები ავრცელებენ, უხეშ უზუსტობებს შეიცავს.

„არემჯი გოლდი“ განმარტავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანიის მხრიდან წიაღის მოპოვება არ იგეგმება და ეს ოპონენტებისთვის კარგადაა ცნობილი.

„დღეს, 2018 წლის 20 მარტს გამოცხადებული აუქციონის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ წიაღის მოპოვება აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანიის მხრიდან არ იგეგმება, რაც ოპონენტებმა კარგად იციან. ეს ინფორმაცია უხეშ უზუსტობებს შეიცავს. კერძოდ:

1. ამ აუქციონზე გამოტანილ 16 ჰა მიწის ნაკვეთზე კომპანია ამ ეტაპზე არავითარ სამუშაოს არ აწარმოებს;

2. კომპანიას აღნიშნული ტერიტორია ესაჭიროება სანაყაროების მოსაწყობად (ფუჭი ქანის განსათავსებლად);

3. კომპანიას შესწავლილი აქვს აღნიშნული ტერიტორია და მიწის ნაკვეთი სასარგებლო წიაღისეულის კუთხით სტერილურია, რაც ნიშნავს, რომ ამ ნაკვეთზე არ არის სასარგებლო წიაღისეული;

4. 16 ჰა მიწის ნაკვეთი ტყის ფონდში არ ირიცხება;

5. ტერიტორია დაფარულია ბუჩქნარით და მცენარეებით, რომელიც არ შედის წითელ ნუსხაში;

6. აუქციონზე გამოტანილი 16 ჰა მიწის ნაკვეთზე შესვლა და დათვალიერება შესაძლებელია, ჩვენი კომპანიის საწარმოო ტერიტორიის გარდა, სხვა ლოკაციებიდან და ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. შესაბამისად, ბოლო დროს კომპანიის საწინააღმდეგოდ გავრცელებული დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ, ვაცხადებთ: კომპანია საკუთარ საქმიანობას ახორცილებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების და მისი მოსახლეობის საკეთილდღეოდ;

ოპონენტების მიერ საკითხის პოლიტიკური ესკალაცია ემსახურება კონკრეტული ჯგუფის პირად ინტერესებს და კომპანია გამორიცხავს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას;

ოპონენტების განცხადებები არის რეალობის დამახინჯებისა და საზოგადეობის მორიგ ჯერზე შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რასაც კომპანიამ არაერთგზის გასცა არგუმენტირებული პასუხი. ამდენად, მივმართავთ პოლიტიკურ პარტიებს, დღეს ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი არის თავისუფალი და მსგავსი განცხადებები აზიანებს არა მხოლოდ ჩვენ კომპანიას, არამედ, სახელმწიფოს, ეკონომიკას, რეგიონს და კონკრეტული 3000-ზე მეტი ოჯახის კეთილდღეობას. მოვუწოდებთ ყველას, – ნუ შეეცდებით პოლიტიკური ქულების მოპოვებას დამოუკიდებელი ბიზნესის და ადამიანების კეთილდღეობის ხარჯზე.

დაბოლოს, RMG ყოველთვის მზად არის ღია, კონსტრუქციული და საქმიანი თანამშრომლობისთვის!“, -აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები