ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი: მოწმის დღევანდელი ჩვენება თანხვედრაშია საქმის გარემოებებთან

დღევანდელმა მოწმემ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც დადასტურებულია გამოძიების სტადიაზე, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, დღეს დაკითხული მოწმის ჩვენება აბსოლუტურ თანხვედრაშია იმ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომელიც გამოძიების ეტაპზე დადგინდა.

„დღეს დაკითხულმა მოწმემ ისაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ იმ კონფლიქტზე, რასაც ორი არასრულწლოვანის გარდაცვალება მოყვა. მოწმე იყო 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლე. მისი ჩვენების შინაარსზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მისი ჩვენება არის ძალიან ინფორმაციული, რასაც ბრალდების მხარე გამოიყენებს დასკვნითი სიტყვის დროს და ამ ჩვენებაზე, ასევე სხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ბრალდების მხარეს აქვს ერთი მოლოდინი, რომ სასამართლო ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. დღევანდელმა მოწმემ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც დადასტურებულია გამოძიების სტადიაზე. მოწმის დღევანდელი ჩვენება აბსოლუტურ თანხვედრაშია საქმის გარემოებებთან“, -განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

მისვე თქმით, სასამართლოში მოწმეების დაკითხვას ორი მხარე აწარმოებს და მოწმეებს ბევრი დეტალის დაზუსტება უწევთ.

„არ ვიცი დაცვის მხარე რას ეძახის ჩვენებების შეცვლას. სასამართლოზე მოწმის დაკითხვა ხდება მხრეების მიერ, გამოძიების ეტაპზე კი, მხოლოდ ერთი მხარის მიერ. შესაბამისად, კითხვებს სვამს ორივე მხარე და დასაკითხ პირებს ბევრი დეტალების დაზუსტება უწევთ. ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ მოწმეთა ჩვენებების რადიკალურ შეცვლას ადგილი არ აქვს“, – განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, ბრალდების მხარე ექსპერტიზის დასკვნებს, მიღებისთანავე სასამართლოს წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები