„სითი პარკმა“ ვალდებულებები არ შეასრულა, მერიას ჯარიმის გადახდა არ მოუწევს”

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, “სითი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტის გამო, მერიას საჯარიმო თანხის გადახდა არ მოუწევს.
ხმალაძის განმარტებით, მერია პირგასამტეხლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდიდა, თუ ხელშეკრულებას უსაფუძვლოდ გაწყვეტდა.
“საჯარიმო თანხის გადახდა მხარეს მაშინ უწევს, თუ ხელშეკრულებას უსაფუძვლოდ გაწყვეტდა, რაც ჩვენს შემთხვევაში არ მომხდარა. კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შელახა ყოველმხრივ საზოგადოებრვი ინტერესები და უფლებები. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვაქვს იმის დრო, რომ კომპანიას ვასწავლოთ მოქალაქეების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. კომპანია, რომელსაც არ ესმის, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არღვევს მოქალაქეების უფლებებს და ამას შესრულება სჭირდება, ჩვენ მასთან საქმე არ გვაქვს”, – განაცხადა ხმალაძემ.
ვიცე-მერის განცხადებით, “სითი პარკმა” მასზე დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა.
“ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა და ნიშნების დაყენება იყო. ასევე შშმ პირებისთვის საპარკინგე ადგილების მოწყობა, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა. 30% საპარკინგე ადგილების არის მოუწესრიგებელი. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით სამართლიანად, სწორად, სამართლებრივად კანონისა და ხელშეკრულების პირობების დაცვით, რის გამოც ჯარიმის გადახდა არ მოგვიწევს,”- განაცხადა ხმალაძემ.
მისი თქმით, მერიამ „სითი პარკს“ ვალდებულებების შესასრულებლად ვადა რამდენჯერმე მისცა, თუმცა უშედეგოდ. ვიცე-მერი არ გამორიცხავს, რომ კომპანიასთან დავა სასამართლოში გაგრძელდეს.
“შესაძლოა, კომპანიამ მიიჩნიოს, რომ მისი უფლება დაირღვა და მიმართოს სასამართლოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სამართლებრივად მყარი პირობები და გვჯერა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ამიტომ არანაირი შიში, რომ დავის შემთხვევაში რამე ცუდად დასრულდება, არ გვაქვს,”- განაცხადა ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ როგორც კახა კალაძის დღევანდელი ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები