მამუკა მდინარაძე: კახა კალაძე ძალიან ჩქარა ასრულებს თავის ნათქვამ თითოეულ სიტყვას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე, თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ „სითი პარკთან“ დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„დარწმუნებული ვარ ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელსაც იურიდიული თვალსაზრისითაც არანაირი პრობლემა არ ექნება. კახა კალაძე ძალიან ჩქარა ასრულებს თავის ნათქვამ თითოეულ სიტყვას და ეს დაჩქარებული ტემპი უზრუნველყოფს იმას, რომ თბილისი ძალიან მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი.

თბილისელები ხშირად წუხდნენ იმაზე, რომ “სითი პარკი” არასამართლიანად ექცეოდა მოქალაქეებს. როგორც ჩანს, ეს დოკუმენტებშიც აისახა და ამის შემდეგ მიიღო თბილისის მერმა და თბილისის მერიამ ეს სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ როგორც კახა კალაძის დღევანდელი ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს.

„ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების შექმნის მიზეზად იქცა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება შევწყვიტოთ. გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან. კონტრაქტის გაუქმების დღიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები