მათიკაშვილი კალაძეს „სითი პარკის“ გაუქმებისთვის მადლობას უხდის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი, თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ „სითი პარკთან“ დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერს  კახა კალაძეს, იმისთვის, რომ მან მოძებნა შესაბამისი რესურსი და შეწყვიტა “სითი პარკთან” გაფორმებული კაბალური ხელშეკრულება. ხსენებული ხელშეკრულება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მიერ დატოვებულ კიდევ ერთ ნეგატიურ მემკვიდრეობას წარმოადგენდა და საბედნიეროდ, მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მოსახლეობამ და თბილისის სტუმრებმა თავი დააღწიეს კაბალურ ვალდებულებებს. გამოვთქვამ იმედს, რომ დედაქალაქში პარკირების პრობლემა გადაწყდება სამართლიანი და დედაქალაქელებისთვის მისაღები, რაციონალური რეგულაციების დაწესებით, რაც მხოლოდ და მხოლოდ წაადგება დედაქალაქის განვითარების ამბიციური გეგმების განხორციელებას“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს.

„ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების შექმნის მიზეზად იქცა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება შევწყვიტოთ. გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან. კონტრაქტის გაუქმების დღიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები