„გაუგებარია აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის მზაობაზე იმ ოპოზიციის კრიტიკა, რომლებიც თავად იყვნენ ჩართულნი სტრატეგიის შემუშავებაში“

„გაუგებარია აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ დიალოგზე მზაობის შესახებ ოპოზიციის კრიტიკული კომენტარები, განსაკუთრებით იმ ნაწილის, რომლებიც თავად იყვნენ ჩართულნი ზემოაღნიშნული სტრატეგიის შემუშავებაში“ – ასე პასუხობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილი ოპონენტებს და 2010 წელს მიღებულ დოკუმენტს ახსენებს.
„ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულება სწორედ რუსეთთან კონფლიქტის მოგვარებაა. მოლაპარაკებები ჟენევის ფორმატში ხორციელდება, რომელიც ფართო საერთაშორისო ჩართულობით მიმდინარეობს. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ეს არის პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან. ამისი პრეცედენტები ჩვენ ადრეც გვქონია არაპოლიტიზირებულ ფორმატებში, ახლაც მიმდინარეობს საზოგადოებრივ დონეზე და მნიშვნელოვანია, რომ ამას ხელი არ შეეშალოს. ამ დღეებში არაერთი ძალიან არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა ამ გზავნილის თაობაზე. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც 2010 წელს არის მიღებული, არის ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მაკონტროლებელ ძალაუფლების წარმომადგენლებთან“ ურთიერთობისთვის სტატუს ნეიტრალური მექანიზმები უნდა შემუშავდეს. ამიტომ, დღეს ფართო კონტექსტში, აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგზე მზაობის შესახებ ოპოზიციის კრიტიკული და გაუგებარი კომენტარები, განსაკუთრებით იმ ნაწილისა, რომლებიც თავად იყვნენ ამ სტრატეგიის შემუშავებაში და დამტკიცებაში ჩართული, მაკვირვებს. ძალიან ბევრი მიმართულებით ჩართულობის სტრატეგის ფარგლებში დღესაც ვმუშაობთ, მიმდინარეობს არაერთი პროგრამა და პროექტი. ბუნებრივია, გვაქვს ბევრი ახალი ინიციატივა და მექანიზმიც, რაც ჩართულობის და შერიგების მიზნებს და ქმედით ნაბიჯებს უკავშირდება“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
რაც შეეხება ჟენევის ფორმატში მონაწილეობის დონის აწევას, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ჟენევის პროცესში მონაწილეობის დონის გაზრდის შესახებ წინადადების დატვირთვა ძალიან მაღალია, ვინაიდან ქართული მხრიდან ეს არის გამოკვეთილი მზაობა, რომ ეს ფორმატი კიდევ უფრო ეფექტური გახდეს და უშუალოდ კონფლიქტის დარეგულირებისაკენ გზების გამოძებნისკენ იყოს მიმართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები