„ახალგაზრდა ადვოკატები“: უზენაესი სასამართლო როლანდ ბლადაძის საქმეზე ხვალ ბოლო სხდომას გამართავს

საქართველოს უზენაესი სასამართლო სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო, ჩამორთმეულ ქონებაზე, ხვალ ბოლო სხდომას გამართავს. კანონის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, საქმის განხილვის დასრულების შემდეგ არ გადადოს სხდომა და საზოგადოებისთვის ცნობილი გახადოს მიღებული გადაწყვეტილება. სხდომა 14:00 საათზე დაიწყება.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უზენაესმა სასამართლომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი, არსებითი განხილვისთვის დასაშვებად, პრეცედენტული დავის სტატუსით, 2017 წლის 15 სექტემბერს მიიღო.

“საქართველოს უზენაესი სასამართლოდან საქმეზე 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია შემდეგი: „საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დაადგინა: როლანდ ბლადაძის საკააციო საჩივარი ცნობილ იქნეს დასაშვებად“. სასამართლოს მიერ მითითებული კანონის თანახმად, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას“.

2017 წლის 1 ივნისს, სასამართლომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო. 2017 წლის 1 ივნისს მიღებული კიდევ ერთი განჩინებით – არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა საქმიდან საქმის განხმილველი მოსამართლეების, მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის აცილებასთან დაკავშირებით, რასაც მხარის ადვოკატის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის დასაბუთებული სამართლებრივი პროტესტი მოჰყვა. 2017 წლის 20 ივნისის სასამართლოს განჩინებებით, მაია ვაჩაძემ და ნუგზარ სხირტლაძემ საქმიდან თვითაცილება განაცხადეს. საქმე განმხილველი ახალი პალატისთვის გადაეცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს, რომელმაც განსაზღვრა ახალი შემადგენლობა – ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძე და პაატა სილაგაძე. 2017 წლის 8 სექტემბრის განჩინებით, პაატა სილაგაძემ, აგრეთვე მიიღო საქმიდან თვითაცილების შესახებ გადაწყვეტილება და საქმის განმხილველი საბოლოო შემადგენლობა, ჩამოყალიბდა ნინო ბაქაქურის (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძისა და ზურაბ ძლიერიშვილის შემადგენლობით. სასამართლომ 2017 წლის დეკემბერში, საქმეზე ზეპირი მოსმენით სხდომის ჩანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

როლანდ ბლადაძე თავისი სასარჩელო მოთხოვნებით მოითხოვს, ბათილად იქნეს 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური, გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად. საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმეზე მორიგების პირობის წერილობითი ფორმით წარმოდგენა დაევალა.

სამინისტროს 2018 წლის 19 თებერვლის წერილით გამოითქვა პოზიცია როლანდ ბლადაძის მიმართ ალტერნატიული ფართის შეთავაზებაზე. მხარეთა შორის შემდგარი შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად, დადგინდა, რომ როლანდ ბლადაძეს ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ, სამინისტრო სთავაზობდა 205000 ლარის ღირებულების ალტერნატიულ ფართს. 205000 ლარის ოდენობა დასახელებულ იქნა ქონების ჩამორთმევის პერიოდისთვის, 2004 წლისთვის მისი საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით. როლანდ ბლადაძის მიერ წარდგენილ იქნა ალტერნატიული წინადადებები ქონების დღევანდელი საბაზრო ღირებულების დადგენისა და არანაკლებ 277.91 კვ.მ ალტერნატიული ფართის შეძენასთან დაკავშირებით, რაზედაც ამ დრომდე, სამინისტროს პოზიცია, უცნობი რჩება”,- აცხადებს “ახალგზარდა ადვოკატები”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები