კაიკაციშვილი ბლადაძის საქმეზე: უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება პასუხი ადამიანის უფლებებზე და მართლმსაჯულების რეფორმაზე

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლო სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო, ჩამორთმეულ ქონებაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის სხდომამდე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება როლანდ ბლადაძის საქმეზე იქნება პასუხი ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე და მართლმსაჯულების რეფორმაზე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის შეფასებით, ოჯახი, საზოგადოება და მთელი სასამართლო სისტემა მოლოდინშია, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტანდარტის სასამართლოს – საკასაციო სასამართლოს მიერ. სასამართლომ უკვე მიუთითა, რომ საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. 2018 წლის 24 იანვრის სხდომაზე საქმის განმხილველი მოსამართლეების შეფასებები კიდევ ერთხელ მიუთითებდნენ საქმის მნიშვნელობაზე. აღნიშნული საკითხი აღემატება იმაზე მსჯელობასაც კი, თუ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, ვის დარჩება ჩამორთმეული ქონება – დაუბრუნდება როლანდ ბლადაძეს თუ კვლავ გიორგი პაპუაშვილის საკუთრებაში, არამართლზომიერად დარჩება. უდავოა, უზენაესი სასამართლო წინამდებარე დავის ფარგლებში, 2012 წლის 1 ოქტომბრის პოლიტიკური, სამართლებრივი და საზოგადოებრივი ცვლილებების შემდგომ განიხილავს ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეს, რომელიც ეხება პოლიტიკური სისტემის პირობებში, უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველზე, ქონების ჩამორთმევის ფაქტს. საქმეში იკვეთება: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვეციის მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-10 მუხლისა და მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევა, თუკი თვალს არ გავუსწორებთ ეროვნული კანონმდებლობით მოქალაქის ფუნდამეტური უფლებების დაცვის ყველა მოთხოვნის დარღვევას და საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტებს.

არჩილ კაიკაციშვილის შეფასებით, როლანდ ბლადაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქმის პროცესუალურ-მატერიალური უფლებების დარღვევის პირობებში, ვერ შეძლო სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა, ერთადერთი, ნამდვილი და ცალსახა იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილება, ვინაიდან ქვედა ინსტანციის სასამართლოების მხრიდან დავის საგანთან დაკავშირებით გაკეთებული დასკვნები, რეალურად არ ასახავს სასამართლოში საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების ობიექტურ შეფასებას, სადავო გარემოებების მიმართ სწორ სამართლებრივ დასკვნებს და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გაკეთებული სამართლებრივი მითითებები ვერ პასუხობენ სამართლის სტანდარტებს, მხოლოდ ცალმხრივად აფასებენ საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ მოცემულობას.

ხელისუფლების მხრიდან, სამართლიანობის აღდგენის შესახებ, თითქოსდა დაფიქსირებულია პოზიცია, რომ როლანდ ბლადაძე დღეს კვლავ დაზარალებულია. კანონისა და სამართლის არსიდან გამომდინარე, მისი ქონებრივი დავის წინამძღვრებიდან გამომდინარე, შეუძლებელია სახელისუფლებო გავლენებისგან თავისუფალმა მოსამართლემ წარმოდგენილ დავაში სიმართლე არ დაინახოს, საქმე მომჩივანის ქონებრივ უფლებებში აღდგენის სასარგებლოდ არ განიხილოს. სასამართლო უნდა გახდეს სახელმწიფოებრივი აზროვნების მთავარი აქტორი, როდესაც სიმართლე მოქალაქის მხარესაა, მოქალაქე წარმოადგენს სისტემური მმართველობის მსხვერპლს. ამ დროს, მისი დარღვეული უფლებების აღდგენაზე, ყველა სამართლებრივი საშუალება უნდა იქნეს გამოყენებული, მიღებული გადაწყვეტილების შედეგად კი, სახელმწიფომ შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება და მომჩივანს დაუბრუნოს წართმეული სახლი, მოპასუხე გიორგი პაპუაშვილი კი უზრუნველყოს ალტერნატიული ფართით. სასამართლომ უნდა დაინახოს აღნიშნული დავის გადაწყვეტისთვის ერთადერთი სწორი, ლეგიტიმური და სამართლიანი ინტერესი. სწორედ ასეთ პრინციპულ დავებზე თამამი და ღირსეული გადაწყვეტილებებით, ქართული სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოების აბუჩად აგდებას სამართლიანმა სასამართლომ ბოლო უნდა მოუღოს.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მხარე სრულად ენდობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს და საქმის განმხილველ მოსამართლეებს, რომელთა მიმართაც, მათი პროფესიული ღირსებებიდან გამომდინარე, არ არსებობს არავითარი კითხვები მიკერძოების შესახებ.

ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი, არსებითი განხილვისთვის დასაშვებად, პრეცედენტული დავის სტატუსით, 2017 წლის 15 სექტემბერს მიიღო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოდან საქმეზე 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია შემდეგი: „საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დაადგინა: როლანდ ბლადაძის საკააციო საჩივარი ცნობილ იქნეს დასაშვებად“. სასამართლოს მიერ მითითებული კანონის თანახმად, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას“.

2017 წლის 1 ივნისს, სასამართლომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო. 2017 წლის 1 ივნისს მიღებული კიდევ ერთი განჩინებით – არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა საქმიდან საქმის განხმილველი მოსამართლეების, მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის აცილებასთან დაკავშირებით, რასაც მხარის ადვოკატის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის დასაბუთებული სამართლებრივი პროტესტი მოჰყვა. 2017 წლის 20 ივნისის სასამართლოს განჩინებებით, მაია ვაჩაძემ და ნუგზარ სხირტლაძემ საქმიდან თვითაცილება განაცხადეს. საქმე განმხილველი ახალი პალატისთვის გადაეცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს, რომელმაც განსაზღვრა ახალი შემადგენლობა – ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძე და პაატა სილაგაძე. 2017 წლის 8 სექტემბრის განჩინებით, პაატა სილაგაძემ, აგრეთვე მიიღო საქმიდან თვითაცილების შესახებ გადაწყვეტილება და საქმის განმხილველი საბოლოო შემადგენლობა, ჩამოყალიბდა ნინო ბაქაქურის (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძისა და ზურაბ ძლიერიშვილის შემადგენლობით. სასამართლომ 2017 წლის დეკემბერში, საქმეზე ზეპირი მოსმენით სხდომის ჩანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს უზენაესი სასამართლო როლანდ ბლადაძის პრეცედენტულ დავაზე 2018 წლის 9 მარტის სხდომას 14:00 საათზე დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები