თამარ შალამბერიძე: გერმანიაში, თავშესაფარს ყოველდღე 20-30 ქართველი ითხოვს

„ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, როდესაც საზღვრები გაიხსნა, ყოველდღე თავშესაფარს 20-30 ადამიანი ითხოვს“, – ამის შესახებ ბერლინში „ქართული სახლის“ დამფუძნებელმა თამარ შალამბერიძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გერმანიაში სამი თვე არის მოცდის პერიოდი, სამი თვის განმავლობაში თავშესაფრის მაძიებლებთან იწერება ინტერვიუები, ამ ინტერვიუს შემდეგ მათ მოსდით პასუხი, ან ხდება დეპორტაცია ან არა. თუმცა, ძირითად შემთხვევაში დეპორტაცია ხდება. ძალიან იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა მათ მიენიჭოთ სტატუსი, მაგალითად, შესაძლოა ეს იყოს პოლიტიკური თავშესაფარი, ან ჯანმრთელობის მდგომარეობა – თუ მას სჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა, თუ ამას გერმანელი ექიმები დაადასტურებენ და იმ შემთხვევაში თუ ასეთი მკურნალობის საშუალება არ არსებობს საქართველოში, – მათ ეცვლებათ პარაგრაფი. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ამ ადამიანებსაც ეძლევათ დროებითი თავშესაფარი და რა პერიოდშიც სჭირდებათ მკურნალობა, იმ პერიოდში მიენიჭებათ დროებითი სტატუსები“,- განაცხადა თამარ შალამბერიძემ.

თამარ შალამბერიძემ ბერლინში მის მიერ დაფუძნებული  „ქართული სახლის“ მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ჩვენი ორგანიზაცია 2007 წლიდან არსებობს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია-მოვალება რასაც იქ ვაკეთებთ, არის ქართველი საზოგადოებისთვის დახმარების აღმოჩენა, გერმანიაში ყოფნის პერიოდში. როდესაც ქართველები ჩამოდიან გერმანიაში და საელჩოსთან ვერ ახერხებენ კონტაქტს, ან უბრალოდ მათ არ უნდათ ოფიციალურ მხარეებთან ურთიერთობა, მოდიან ჩვენთან. საელჩოს თავისი მიღების საათები აქვს, კვირაში ორი დღე არის საათები, როცა შეგიძლია იქ დარეკო, ანუ პარასკევს რომ ადამიანი ჩამოვა ქვეყანაში, ის ორშაბათამდე, ან სამშაბათამდე, დილის 12 საათამდე ვერ დარეკავს საელჩოში, ამიტომ ჩვენ ვართ თითქოს ცხელი ხაზი, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ დროს გვირეკავენ ჩვენ, ამიტომ, ჩვენ გვიწევს ამ ადამიანებთან კონტაქტი. ძირითადად, სამწუხაროდ ჩამოდიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც საქართველოში თავისი თავი ვერ იპოვეს, არ იციან ენა და არც პროფესია აქვთ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს ადამიანები პირდაპირ მოდიან იმისთვის, რომ ჰგონიათ, ამ ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობით შეძლებენ თავის გატანას, არა მხოლოდ თავის გატანას, არამედ იმასაც, რომ მარტივი გზით გამდიდრდებიან. ძირითადი მიზეზი არის ეს, ძირითადი მასა არის ასეთი, მართლა არ ვიცი რის იმედად მოდიან. მოტივაცია არის ის, რომ არ აქვთ სამსახური, არიან მშივრები და არ აქვთ სამედიცინო დაზღვევა“,- განაცხადა შალამბერიძემ.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ დეპორტი ელით, თავშესაფრიდან იპარებიან და ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობენ. თამარ შალამბერიძის განცხადებით, ფაქტს უკვე მასიური ხასიათი აქვს და შესაძლოა 100-დან 70 ადამიანი გაიპაროს.

„მოცდის სამი თვის პერიოდის ერთ თვემდე შემცირებაზეა საუბარი და შემდეგ, იძულებით დეპორტაციაზე, – ეს აუცილებლად მოხდება. როცა მათ იციან, რომ ელით დეპორტი, გარკვეული პერიოდი ცხოვრობენ თავშესაფარში, იქ ყოფნის პერიოდს იყენებენ მაქსიმალურად, შემდეგ გაიპარებიან თავშესაფრიდან და ხდებიან არალეგალები. ეს უკვე მასიურად ხდება, იპარებიან თავშესაფრიდან, აღარ ბრუნდებიან და შემდეგ თავად ეძებენ ადგილს, სადაც დაიძინებენ, მოპარვისა და კრიმინალის იმედად რჩებიან ქვეყანაში არალეგალურად“, – აღნიშნა თამარ შალამბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები