პროკურორი: მოწმემ ისაუბრა, თუ როგორ დაიწყო 51 -ე სკოლის მოზარდებს შორის კონფლიქტი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 51 -ე სკოლის 2 მოსწავლის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ამავე სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე მოწმის სახით დაიკითხა, რომელიც მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე იყო.
პროცესის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მოწმემ იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ისაუბრა, რომელიც ხორავას ქუჩაზე, ე.წ. არკაში განვითარდა.
“მოწმემ ისაუბრა იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომელიც განვითარდა ხორავას ქუჩაზე, ე.წ. არკაში. კერძოდ, მოწმემ ისაუბრა, თუ რა ვითარებაში დაიწყო კონფლიქტი, ვისსა და ვის შორის მოხდა კონფლიქტი და რა შემდგომი განვითარება ჰპოვა მოვლენებმა. აღნიშნული მოწმის მიერ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები ხელს შეუწყობს მნიშვნელოვნად ბრალდების მხარეს, რათა გაამყაროს საქმეში არსებული სხვადასხვა მტკიცებულებები. მოწმის დღევანდელი ჩვენება, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ბრალდებულთა მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურდეს და გვაქვს მხოლოდ ერთი მოლოდინი, რომ ბრალდებულების მიმართ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი”, – განაცხადა საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, 51-ე სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს.
ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები