„ახალგაზრდა ადვოკატები“: კომპანია „სინოჰიდრო“ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზას სავალდებულო ნებართვებისა და ექსპერტიზის დასკვნის გარეშე აშენებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ კომპანია Sinohydro Corporation Limited-ის მიერ საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში აღმოჩენილი ახალი დარღვევების თაობაზე მორიგ სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2016 წლიდან სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კვ.11+500-კმ.30+000 (ლოტი II) მონაკვეთზე მშენებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო ნებართვებისა და საექსპერტო დასკვნის გარეშე, უკანონოდ მიმდინარეობს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა შემრულებელმა კომპანიამ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ უწყებებთან ნებართვების მიღების გარეშე შეცვალა.

“თავდაპირველად, პროექტიც განისაზღვრა, რომ ვინაიდან ტერიტორია წარმოადგენდა ჭაობიან ადგილს, გზა აშენდებოდა ბეტონის ხიმინჯებზე. კომპანიამ პროექტში ცვლილებები მოითხოვა და ტერიტორიაზე ფითილები დამონტაჟდა, თუმცა ფითილების გამოყენებით გზის მშენებლობამ შედეგი არ გამოიღო.

ამჟამად, მივიღეთ შედეგი, როდესაც სამტრედია-გრიგოლეთის მეორე ლოტის მშენებლობა სერიოზული ხარვეზებით მიმდინარეობს. მოკვლევამ უკვე აჩვენა, რომ პროექტზე განსაზღვრულ 254 მილიონი ლარიდან, დახარჯულია 150 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, პროექტში თავის დროზე განხორციელებული ცვლილების სამართლებრივი საფუძვლების შექმნისთვის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მხოლოდ 2018 წელის 18 იანვარს მიმართა, რაც კანონის უკიდურესი დარღვევაა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, კომპანია Sinohydro Corporation Limited-სა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დარღვეულ იქნა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილება. ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის #1-1/842 ბრძანებით, მშენებლობის თაობაზე შეთანხმების შესახებ გამოიცემა სათანადო ადმინისტრაციული აქტი, რომელიც წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების საფუძველს.

მოცემულ შემთხვევაში, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, 1-ელ კატეგორიას განკუთვნილი საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა, ასევე ხიდები და გვირაბები განეკუთვნება მე-5 კლასის შენობა-ნაგებობას, რომელიც მიჩნეულია განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებად. „სინოჰიდროს“ მიერ სამტრედია-გრიგოლეთის აშენებული გზა განეკუთვნება 1-ელ კატეგორიას, საერთაშორისო სტატუსის ქვეშ და იმავდროულად, გზაზე არსებული ხიდების გამო, შედის მე-5 კლასის დაცვის განსაკუთრებულ ზონაში. ამდენად, მთავრობის დასახელებული დადგენილების 27-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, კომპანია „სინოჰიდრო“ ვალდებული იყო სამშენებლო ობიექტზე სავალდებულო საექსპერტო შეფასება წარმოედგინა.

აღნიშნული დადგენილების თანახმად, თუკი ცვლილების შეტანამდე განხორციელებულია მშენებლობა, რომელიც საჭიროებს შესაბამის ნებართვას, ასეთი მშენებლობა ითვლება უკანონოდ. ასეთ შემთხვევაში, უკანონოდ წარმოებული მშენებლობის გასაგრძელებლად, საჭიროა ახალი ნებართვის მოპოვება, რომელსაც უნდა ახლდეს დადებითი საექსპერტო დასკვნა, ამასთან გადახდილი ჯარიმები უკანონოდ წარმოებული მშენებლობისთვის.

ორგანიზაციის შეფასებით, მოცემული რეგულაცია არის ზუსტად იმ შემთხვევის მომწესრიგებელი, რომელსაც არ ითვალისწინებს სპეციალური კანონი. შესაბამისად, ვინაიდან საკითხი ეხება ისეთი ობიექტის მშენებლობას, რომელიც კანონის თანახმად აღიარებულია მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტად და რომლის არასწორმა ექსპლუატაციამ შესაძლოა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი ადამიანების უსაფრთხოების კუთხით, უნდა განიმარტოს საჯარო ინტერესიდან გამომდინარე საზოგადოების სასარგებლოდ.

დღეს არსებული ვითარება შემდეგია: ჩინურ კომპანია Sinohydro Corporation Limited-ს არ გააჩნია არც სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა და საქართველოს გზების დეპარტამენტის საბჭოს არც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში წარუდგენია დადებითი დასკვნა. შესაბამისად, კომპანია Sinohydro Corporation Limited-ის მიერ 2016 წლიდან სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მშენებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო ნებართვებისა და საექსპერტო დასკვნის გარეშე, შეიძლება შეფასდეს, როგორც უკანონდ მიმდინარე.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კომპანია Sinohydro Corporation Limited-ისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ, სამართლებრივი დავა 2018 წლის 1 თებერვალს დაიწყო. საქმე ეხება საქართველოში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაზარალებული მესაკუთრეთა უფლებების დაცვას და სახელმწიფოს უმოქმედობის შეჩერებას. ორგანიზაცია სწავლობს – შესაძლოა იკვეთებოდეს ტენდერებში მონაწილე კომპანიის არაკეთილსინდისიერი ქმედებები, რაც გამოიხატება გამოცხადებულ სატენდერო კონკურსებში გამარჯვების მიზნით, პროექტის სრულყოფილად განხორციელებისთვის საჭირო რეალურ თანხაზე გაცილებით ნაკლების შეთავაზებით, ამ ფორმით, იოლი გამარჯვებით, ხოლო შემდგომ პროექტისთვის აუცილებელი საკმარისი ფინანსური სახსრების არ არსებობის გამო, მისი მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელებით.

ორგანიზაცია Sinohydro Corporation Limited-ს მიმართ საზოგადოებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული პროექტების მიმართ არსებული მდგომარეობის ანალიზსაც წარმოუდგენს. საკითხზე კვლევა 2018 წლის მარტის ბოლოს გამოქვეყნდება”,- აცხადებს “ახალგაზრდა ადვოკატები”.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები