საკრებულოში ღონისძიება – „ქალები თბილისის ისტორიაში“ გაიმართა

თბილისის საკრებულოში პროექტის – ,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან” ფარგლებში, ღონისძიება – “ქალები თბილისის ისტორიაში” გაიმართა. პროექტის ინიციატორი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიაა. შეხვედრას საზოგადოებისთვის ცნობილი ქალბატონები ესწრებოდნენ.
ღონისძიება მარიკა დარჩიამ გახსნა, დამსწრე საზოგადოებას დედის დღე მიულოცა და საკრებულოს წევრი ქალები წარუდგინა.
„ეს არის პროექტი, რომელიც თებერვალში დაიწყო – „თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ და ყოველი თვის პირველ შაბათს გაიმართება თბილისის საკრებულოში. ყოველ შეხვედრაზე გვექნება ახალი ისტორიები. დღევანდელი თემაა „ქალები თბილისის ისტორიაში“, რომელიც დედის დღეს ეძღვნება. სიმბოლურია, რომ დღევანდელი ღონისძიება დაიწყო თამარ მეფის სახელობის დარბაზში,“- განაცხადა მარიკა დარჩიამ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე მოწვეულ სტუმრებს მიესალმა და ქალბატონებს ქალთა დღესასწაული მიულოცა.
“სასიხარულოა, რომ დღევანდელი შეხვედრის თემა ქალთა ისტორიებს ეძღვნება. მომავალში ასეთი ღონისძიებები იქნება ჩვენი თანამშრომლობის ძალიან საინტერესო ფორმატი. ჩემი კოლეგა მამაკაცები დამეთანხმებიან, რომ საკრებულოს წევრი ქალბატონების სიძლიერით ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვართ“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა სიტყვით გამოსვლისას, იმ ცნობილ მოღვაწე ქალებზე ისაუბრა, რომელთა სახელებიც, საკრებულოს ინიციატივით, თბილისში უსახელო ქუჩებს დაერქვა. პოეტმა ლია სტურუამ კი თბილისზე ლექსები წაიკითხა.
ღონისძიება საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში დასრულდა, სადაც „ქალთა პოლიტიკური რესურსცენტრის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ქეთი კურცხალიამ თბილისის და საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე ქალბატონის ცხოვრებაზე ისაუბრა. ღონისძიებას „სოციალური თერაპიის სახლის“ წევრების მიერ შესრულებული ნამუშევრები აფორმებდა.
დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მარიკა დარჩიას ინიციატივით, ახალი შემეცნებით-კულტურული ხასიათის პროექტი, სახელწოდებით – ,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან” თებერვალში დაიწყო და მიზნად ახალგაზრდებისთვის და ზოგადად, ყველა მსურველისათვის თბილისის ისტორიის გაცნობას ისახავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები