ფინანსთა სამინისტრომ რეგიონებში ახალი საგადასახადო ინიციატივის განხილვა დაიწყო
მცირე ბიზნესის წარმომადგენელებისთვის ახალი რეფორმების ტალღის ფარგლებში შემუშავებული საგადასახადო ინიციატივის განხილვა რეგიონებში დაიწყო.
პირველი შეხვედრა ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღების შესახებ ინფორმაცია ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა მიაწოდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი საგადასახადო ინიციატივის მიზანია, ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, ხელი შეუწყოს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას.
ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება. მცირე ბიზნესად ჩაითვლებიან მეწარმეები, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში 500,000 ლარამდე იქნება. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური 1%-იანი ბრუნვის გადასახადით. გადასახადის დეკლარირება და გადახდა მოხდება ყოველთვიურად. უქმდება მიმდინარე (ე.წ. „საავანსო“) გადასახდელები. შენარჩუნდება საქონლის აღრიცხვისთვის სპეციალური ჟურნალის წარმოების ვალდებულება.
უწყების ცნობით, მცირე ბიზნესი, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, გამოიყენებს სასაქონლო ზედნადებს, ასევე, შენარჩუნდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება. მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველი აღარ იქნება მისი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტი.
ცვლილებები საგადასახადო კოდექსში გამოქვეყნებულია „საკანონმდებლო მაცნეს“, ასევე, ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე https://matsne.gov.ge/ka/document/view/4072647 და შესაძლებელია შენიშვნებისა და წინადადებების დაფიქსირდება. საჯარო განხილვების შემდეგ, დოკუმენტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება