სტუ-ის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები პროფესიულ უნარ-ჩვევებს ადვოკატთა ასოციაციაში დაეუფლებიან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა მოაწერეს.

როგორც „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტები, უახლოეს მომავალში, ადვოკატის უნარ-ჩვევების დაუფლებასა და განვითარებას პრაქტიკული საქმიანობითაც შეძლებენ. ტექნიკური უნივერსიტეტი აღნიშნული მიზნის მიღწევას, რაც საუნივერსიტეტო ცხოვრების განვითარების ხელშეწყობითაა ნაკარნახევი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან კოოპერაციით გეგმავს. ორივე მხარის მზაობა, შედგეს ორმხრივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პრაქტიკული თანამშრომლობა, სტუ-სა და ადვოკატთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით გამყარდა.
თანამშრომლობის მემორანდუმის ამოქმედებით, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ყველა საფეხურის სტუდენტს შესაძლებლობა მიეცემა, გაიაროს ყოველწლიური პრაქტიკული კურსი ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრსა და ეთიკის კომისიაში, რითაც მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას დააგროვებს, ასევე, მონაწილეობა მიიღოს „სავალდებულო სტაჟირების“ პროექტში დაჩაერთოს საერთო ინტერესის სფეროში შემავალ ნებისმიერ ერთობლივ აქტივობაში, მათ შორის, კვლევით-სამეცნიერო თუ პრაქტიკულ საქმიანობაში, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება-ჩატარებაში.
თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, სტუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქეთევან ქოქრაშვილმა, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, ირაკლი გაბისონიამ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, შესაბამისი ფაკულტეტისა და ასოციაციის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ სტუდენტებს თანამშრომლობის მემორანდუმი გააცნეს და იმ ძირეულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც ადვოკატის პროფესიისთვისაა მნიშვნელოვანი.