„თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია“

  თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია – კარგია, როცა ძლიერი პარტნიორი გყავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა საქართველო-თურქეთს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ზრუნავს ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლების, ბიზნესის ხელშეწყობისა და წახალისებისთვის.
“მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ თურქეთი ჩვენი ქვეყნის საიმედო მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ დიდად ვაფასებთ თურქეთის პოზიციას, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და აგრეთვე საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. გარდა იმისა, რომ თურქეთი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მოკავშირეა, ის საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორიცაა. კარგია, როცა ასეთი ძლიერი პარტნიორი გყავს – ეს არის ქვეყანა, რომელიც სხვადასხვა ბიზნესსექტორში მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზეა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თურქეთიდან შემოსულ იმპორტს, რომელსაც პროდუქციისა და სერვისის გარდა, ახალი ტექნოლოგიები და ცოდნა შემოაქვს ქვეყანაში. ამასთან ერთად, თუ გადავხედავთ საქართველო-თურქეთის სავაჭრო ბრუნვას, ვნახავთ, რომ თურქეთის ექსპორტი საქართველოში საგრძნობლად დიდია, ვიდრე საქართველოს ექსპორტი თურქეთში. კარგად გვესმის, რომ თურქეთი ბევრად დიდი ქვეყანაა, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ჩვენს ქვეყანასაც აქვს იმის პოტენციალი, რომ გაზარდოს ექსპორტი თურქეთში. საქართველოს შეუძლია მრავალი სახეობის მაღალი ხარისხის პროდუქცია შესთავაზოს თურქეთის ბაზარს. სავაჭრო ბრუნვის ზრდა კი ორივე ქვეყანას – საქართველოსაც და თურქეთსაც ერთნაირად წაადგება – მოიგებს ბაზარიც და მომხმარებელიც. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი მთავრობა მაქსიმალურად ზრუნავს ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლების, ბიზნესის ხელშეწყობისა და წახალისებისთვის. სწორედ ამ მიზნით შევქმენით საქართველოს თანაინვესტირების ფონდი (GCF) და მოვიზიდეთ 6 მილიარდი აშშ დოლარი. შეიქმნა და ამოქმედდა სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი, რომლის მოცულობაც 1 მილიარდია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობას თურეთთან მნიშვნელოვნად მიაჩნია თანამშრომლობა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის დროულად დასრულების მიმართულებით.
“მივესალმებით და მზად ვართ კვლავაც აქტიურად ვითანამშრომლოთ ელექტროენერგეტიკის სფეროში, გავაგრძელოთ თანამშრომლობა თურქეთთან “სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის” განვითარების მიმართულებით, აგრეთვე აზერბაიჯანული და ცენტრალური აზიის ენერგორესურსების საერთაშორისო ბაზრებზე ტრანსპორტირების უზრუნველყოფის კუთხით. ჩვენ განვაგრძობთ ამ პროცესის მხარდაჭერას და მივესალმებით შაჰდენიზის საბადოს ათვისების მეორე ფაზას, რომელიც ბაქო-თბილისი-ერზერუმის პროექტის გამტარუნარიანობის გაზრდას უკავშირდება”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები