ეუთოს გენერალური მდივანი: მოვლენების მსგავსი განვითარებით კმაყოფილები არ ვართ
ეუთოს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი ვაშინგტონში ვილსონის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საქმეს გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, ის რისი შეთავაზებაც ეუთოს შეუძლია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატია. მისივე თქმით, არსებობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონისთვის.
“მოვლენების მსგავსი განვითარებით კმაყოფილები არ ვართ, ის რისი შეთავაზებაც ეუთოს შეუძლია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატია. ვიცი, რომ ეს არ არის განსაკუთრებით დინამიური ფორმატი, თუმცა ვფიქრობ ის საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ ინციდენტები და სათანადოდ უნდა დავაფასოთ. გვაქვს, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონისთვის. როგორც გენერალური მდივანი, მე გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ მხარი დავუჭირო ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს. საჭიროა მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრებას გააუმჯობესებს”, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოში ჯერ არ გადმოუსვენებიათ. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი კი, ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან.