მერაბ ქვარაია: რომ არა ხელისუფლების დროული ჩარევა, ბორჯომში შესაძლოა, გაცილებით მძიმე შედეგი ყოფილიყო
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია ბორჯომში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
როგორც მან, “კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, ბორჯომის საკრებულოს უმრავლესობაში ოპოზიციაა, შესაბამისად, განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი “ქართული ოცნება” ვერ იქნება.
მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ნიკანორ მელიას ვითარება განემუხტა, პირიქით, ხელი შეუწყო დაძაბულობის ესკალაციას.
“რამდენადაც მოგეხსენებათ, ბორჯომის საკრებულოს უმრავლესობაში ოპოზიციაა, შესაბამისად, განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი “ქართული ოცნება” ვერ იქნება. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის წევრების, მათ შორის ნიკანორ მელიას ჩასვლას, ნაცვლად იმისა, რომ განემუხტა იქ არსებული დაძაბული მდგომარეობა და დაპირისპირება, პირიქით, ხელი შეუწყო დაძაბულობის ესკალაციას. რაც საბოლოო ჯამში ყოვლად მიუღებელ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა”,-აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.
მან ხელისუფლების დროულ ჩართულობასაც გაუსვა ხაზი. მისი თქმით, რომ არა შს სამინისტროს დროული ჩართულობა ბორჯომში, შედეგი შეიძლება გაცილებით მძიმე ყოფილიყო.
“ხელისუფლების და განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული და აქტიური ჩარევით, მოხერხდა ამ დაპირისპირების განმუხტვა. შედეგი გაცილებით მძიმე შეიძლებოდა ყოფილიყო, იყო დაპირისპირებაც, თუმცა ძალოვანი სტრუქტურის დროული ჩარევით მოხდა განეიტრალდა იქ არსებული დაძაბული ვითარების”,-განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ “კვირასთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომში, ძველი გამგეობის შენობასთან, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრების და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძემ ხელი მოაწეროს საკრებულოს დადგენილებას, რომელიც მერიის თანამშრომლების სახელფასო ფონდის მატებას შეეხება, ასევე აქციის მონაწილეები მოითხოვენ, საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძემ დატოვოს დაკავებული თანამდებობა.