„საქართველოში ნამდვილად არის გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო გარემო“

   საქართველოში ნამდვილად არის სამართლიანი, გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო გარემო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-თურქეთის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე განცხადებით, საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია იყოს რეგიონის სატრანზიტო კორიდორის აქტიური მონაწილე.
“ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისათვის, რომ საქართველოში იყოს ხელსაყრელი გარემო ლოგისტიკური და გადამზიდავი კომპანიებისათვის. თუმცა, რაც არ უნდა იდეალური გარემო შევქმნათ, თქვენთან თანამშრომლობის გარეშე სასურველი შედეგები არ გვექნება. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საერთო სატრანზიტო კორიდორის კონკურენტუნარიანობა, უნდა განვახორციელოთ ერთიანი პოლიტიკა და კოორდინირებული რეფორმები”, – მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მზად არის ამ მიმართულებით აქტიურად იმუშაოს თურქეთთან, აზერბაიჯანთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან.
“თურქეთი და თურქული ბიზნესი საქართველოში საკმაოდ აქტიურია და ინვესტიციების განხორციელების კუთხით პირველ ხუთეულში შედის. მჯერა, რომ მომავალში ეს ტენდენცია შენარჩუნდება და ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს უფრო მეტი საინტერესო და წარმატებული პროექტის განხორციელებას. მე, როგორც მთავრობის მეთაურმა, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს კარი ღიაა თქვენთვის, თუ გადაწყვეტთ საქართველოში ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას. ჩვენი მხრივ კი, მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში ნამდვილად არის სამართლიანი, გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო გარემო და თქვენ მიერ განხორციელებული ინვესტიციის თითოეული ცენტი იქნება დაცული კანონისა და სახელმწიფოს მიერ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები