ჩვენი დროის გმირი – როგორ იხსნა ქართველი ტყვე ყარაჩაელმა ბიჭმა?
არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი გამბედაობით და გმირობით მომავალს უქმნიან სხვას და საკუთარი სიცოცხლის ფასად ეხმარებიან სრულიად უცხოს.
თქვენ მას არ იცნობთ, მის შესახებ არ გსმენიათ და ჩვენი ვალია, მოგიყვეთ და გაგაცნოთ ადამიანი, რომელსაც ჩვენი დროის გმირი თამამად შეიძლება ეწოდოს.
ორი ადამიანი ერთმანეთს საბედისწერო გზაზე შეხვდა.
ისტორია, რომელიც გულგრილს არავის დაგტოვებთ, 1992 წლის რუსეთის ფედერაციაში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში დაიწყო.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ 17 წლის ყარაჩაელმა ბიჭმა ალი მაგომედ გოჩიაევმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ყოველგვარი ანგარების გარეშე, გადაარჩინა ქართველი თავისი თანატოლი ბიჭი, რომელიც აფხაზეთის ომის დროს ჩეჩენ მებრძოლებს ტყვედ ჰყავდათ აყვანილი.
ამ ისტორიის თანამონაწილე პერსონაჟები „პირველს“ ყარაჩაელი ბიჭის გმირობასა და მის გამბედაობაზე უყვებიან.
ალი მაგომედ გოჩიაევის საგმირო საქმეზე საუბრობს ქართველი ტყვედ ჩავარდნილი ბიჭის მამა გურამ მთიულიშვილი.
ჯარისკაცის მამა ემოციას ვერ იკავებს და ისტორიას თვალცრემლიანი ჰყვება.
ის ყარაჩაელ ბიჭსა და სერგო ძველიშვილს მადლობა უხდის შვილის გადარჩენისთვის.
გურამ მთიულიშვილი გვიყვება, რომ ის დუშეთის ბატალიონის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო. მისი თქმით, სანამ თვითონ წავიდოდა აფხაზეთის ომში, შვილი მოხალისედ საბრძოლველად გაიპარა.
„მე და ჩემი შვილი სხვადასხვა პოზიციებზე ვიბრძოდით. 21 სექტემბერი მოვიდა, ომი პრაქტიკულად დამთავრდა და შვილს ვერსად ვპოულობდი. ვერც ცოცხალი ვიპოვე და ვერც მკვდარი. ქართველმა მებრძოლებმა მომატყუეს და მითხრეს, რომ ცოცხალი ნახეს, სვანეთის გზას გაუყვაო, ამით დამაიმედეს, მეც გავუყევი სვანეთის გზას ფეხით ზამთარში, თუმცა მაინც ვერსად ვერ ვიპოვე ჩემი შვილი. ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერ გამეგო. გავიდა სამი თვე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვეძებდი, მაგრამ ამაოდ. ვერც ცოცხალს ვპოულობდი და ვერც მკვდარს“,-ამბობს გურამ მთიულიშვილი.
იმედგადაწურულ გურამს რუსეთიდან სერგო ძველიშვილმა მოულოდნელად დაურეკა და აცნობა, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო. ჯარისკაცის მამის თქმით, რომ არა გოჩიაევის ვაჟკაცობა და სერგო ძველიშვილის დახმარება, მის შვილს ტყვეობიდან ვერ დაიხსნიდნენ.
„საავადმყოფოს აფხაზები და აბაზინები იცავდნენ. ბიჭის წამოსაყვანად, მე, სერგო ძველიშვილი, მისი სიძე და სიძის მეგობრები წავედით. ბიჭები შეიარაღებულები იყვნენ. რამე რომ მომხდარიყო და ცეცხლი გაეხსნათ ჩვენთვის, ბიჭები ყველანაირად იყვნენ მზად. სერგოს სიძემ შეძლო იმდენი, ისე გააკეთა საქმე, რომ არცერთი გასროლა არ გახდა საჭირო. მან ბიჭებთან ერთად შეიარაღებული პუნქტები დაბლოკა, ხუთი წუთით შეაგვიანა ჯარისკაცების შეცვალა. სწორედ ამ დროს შევიპარე საავადმყოფოში, ვერ მოვითმინე და ქართულად გავძახე ჩემს ბიჭს, „შვილო“ -თქო. ამ დროს ჩოჩქოლი ატყდა საავადმყოფოში, ზოგმა აფხაზმა ხელჯოხი გამომიქანა, ზოგმა წყლის დოქი, ვსტაცე ჩემს შვილს ხელი, ზურგზე მოვიკიდე და წამოვიყვანე“,-ამბობს გურამ მთიულიშვილი.
მთიულიშვილი ალი მაგომედ გოჩიაევს გმირად მიიჩნევს.
როგორც მთიულიშვილი ამბობს, ის და მისი შვილი საზღვარზე სერგო ძველიშვილისა და ალის დახმარებით გადავიდნენ.
„საზღვარზე სერგო ძველიშვილის და მისი სიძის დახმარებით გადავედით. აბა საზღვარს ისე ვინ გადამატარებდა? ჩემი შვილი ტყვე იყო და პასპორტი საიდან ექნებოდა? ბიჭი სანამ გამოჯანმრთელდა სერგოსთან ვიყავით ოჯახში. საზღვარზე, თვითმფრინავშიც ყველგან სერგომ გადაიხადა ფული. მორალურად, ფინანსურად ყველანაირად ეს ხალხი დამეხმარა“,-ამბობს გურამ მთიულიშვილი.
სერგო ძველიშვილი გვიყვება, რომ ქართველი ბიჭი სასწაულებრივად გადაურჩა ბრძოლის ველზე სიკვდილს.
„გარდა როინ მთიულიშვილისა, მასთან ერთად შვიდი ქართველი ბიჭი იბრძოდა. ჩეჩნებმა რვავე მებრძოლი დახოცეს, თუმცა ამათგან მთიულიშვილი საბედისწეროდ გადარჩა. ის მძიმე ჭრილობით სხვა დაჭრილ ტყვეებთან ერთად ყარაჩაი-ჩერქეზეთის საავადმყოფოში აღმოჩნდა, თუმცა ბიჭმა ვერ აღიდგინა მეხსიერებაში თუ როგორ მოხვდა ყარაჩაი-ჩერქეზეთის საავადმყოფოში. მე კი ჩემი მეგობრისგან გავიგე, რომელსაც „გაიშნიკმა“ უთხრა, საავადმყოფოში ქართველი მოხალისე ჰყავთ ტყვედ, მოკვლას უპირებენ და მიხედეთო“, -ამბობს ძველიშვილი.
სერგო ძველიშვილმა ბიჭს რამდენიმეჯერ მიაკითხა საავადმყოფოში და გაეცნო მას, თუმცა ბიჭი ჩუმად იყო და ხმას არ იღებდა.
მას ეგონა, რომ შემოგზავნილი იყო.
ამის შემდეგ სერგო ძველიშვილმა დეპეშა გაუგზავნა ბიჭის მშობლებს და აცნობა, რომ მათი შვილი ცოცხალი იყო.
„მამისს წვერი ჰქონდა მოშვებული, დაღუპული ეგონა მისი შვილი. ჩემი ძალებით ვცადე საავადმყოფოდან ბიჭის გამოყვანა, თუმცა უშედეგოდ, არ გამომივიდა, ბუნტი ატყდა და მცდელობა ჩამეშალა“, -ამბობს ძველიშვილი.
როგორც ძველიშვილი ამბობს, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა დახმარება ეთხოვა გოჩიაევისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ საავადმყოფოში ტყვე ბიჭის ქართველობის შესახებ გახდა ცნობილი და დიდი საშიშროება დადგა, რომ მას ლინჩის წესით გაასამართლებდნენ.
ამ ისტორიის მთავარი გმირი და პერსონაჟი ალი მუგამედ გოჩიაევი მოკრძალებული და თავმდაბალი აღმოჩნდა.
ალი ჩვენთან საუბარში მაქსიმალურად ცდილობდა თავის საგმირო საქმეზე ნაკლებად ესაუბრა.
ჩემი დაჟინებული თხოვნით მან ისტორიის რამდენიმე დეტალი მოგვიყვა.
„სერგო ძველიშვილმა მითხრა, რომ ჩემი დახმარება სჭირდებოდა. საავადმყოფოში 17 წლის ქართველი მოხალისე ჰყავდათ ტყვედ, მძიმე ჭრილობა ჰქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ საავადმყოფოში დაჭრილი ტყვეები იწვნენ აფხაზებისა და აბაზინებისგან შემდგარი შეიარაღებული რაზმი იცავდა მათ. სერგო სანამ მე მთხოვდა დახმარებას, მანამდე საკუთარი ძალებით ბიჭის მამასთან ერთად შეეცადა საავადმყოფოდან მის გამოყვანას, თუმცა მათი ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რადგან ბუნტი ატყდა და გეგმა ჩაიშალა“,-ამბობს ალი მაგომედი.
მან მიზნად დაისახა თავისი თანატოლი ტყვეობიდან ეხსნა და მამისთვის დაებრუნებინა.
„ტყვე საავადმყოფოში რომ დარჩენილიყო, მას ლინჩის წესით უპირებდნენ გასამართლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ქართველი იყო. სწორედ ამიტომ იყო მნიშველოვანი დროში სწრაფად მემოქმედა“,-ამბობს ალი.
ამჟამად ალი მაგომედ გოჩიაევის ქართველი მეუღლე მაია ძველიშვილი სამ შვილთან ერთად საქართველოში ცხოვრობს. ალის მეუღლე და შვილები საქართველოს მოქალაქეები არიან.
P.S. ეს ის შემთხვევაა, როცა ერთი ადამიანის მიერ გადადგმულ ნაბიჯს სხვისი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა შეუძლია.
გმირები ჩვენს გვერდით, ჩვენს ყოველდღიურობაში ცხოვრობენ. მთავარია, დავინახოთ მათ მიერ გაკეთებული კეთილი საქმე.
მე, როგორც ჟურნალისტს, ამ პატარა მონათხრობით მინდა ჩემი პატივისცემა და მოკრძალება გამოვხატო ყარაჩაელი გმირის მიმართ, რომელმაც ჩემი ქვეყნის ჯარისკაცი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა.
მჯერა, რომ ალის მიერ გადადგმული ეს გმირული ნაბიჯი კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ქართველ და ყარაჩაელ ხალხებს. ქართველი და ყარაჩაელი ხალხების ურთიერთობას გულწრფელი ურთიერთპატივისცემა ახასიათებთ. ქართველის წარმოდგენაში ყარაჩაელი მუდამ იყო და არის რაინდული ბუნების ადამიანი, ჭეშმარიტი კავკასიელი საუკეთესო თვისებებით…. გვწამს, რომ კავკასიის უძველეს მკვიდრთა შთამომავალი ყარაჩაელები ღირსეულ ადგილს იკავებენ კავკასიის და მსოფლიო ხალხთა თანამეგობრობაში.
გვჯერა, რომ ქართველთა და ყარაჩაელთა ისტორიულ ძმობასა და მეგობრობას ვერავინ და ვერაფერი შეარყევს. ეს კი მთელი კავკასიის ერთიანობისა და წარმატების მტკიცე გარანტია გახდება.


წყარო: თაკო მაქაცარია