გუშინ, ტრაგიკულად დაღუპული მოზარდის ცხედარი ექსპერტიზიდან სახლში გადაასვენეს
14 წლის მოზარდის ცხედარი ლ. სამხარაულის სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროდან საკუთარ სახლში გადაასვენეს.
როგორც „კვირას“ ლ. სამხარაულის სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში განუცხადეს, გუშინ უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილი 70 -ე საჯარო სკოლის მოსწავლეს ექსპერტიზა გვიან ღამით ჩაუტარდა.
მათივე ინფორმაციით, აღებულია ცხედრის ნიმუშები და მიმდინარეობს დამატებითი გამოკვლევები. ექსპერტიზის დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბარათაშვილის ქ N 2-ში, „საქენერგოს“ შენობის მესამე სართულიდან მინა ჩამოვარდა, რაც 14 წლის მოზარდს თავზე დაეცა. ა.მ-ვი ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.