დღეიდან, სამარშრუტო ტაქსები რომლებიც 14 ქუჩაზე იმოძრავებენ, მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერდებიან

დღეიდან, 1-ელი მარტიდან, სამარშრუტო ტაქსები რომლებიც 14 ქუჩაზე იმოძრავებენ, მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერდებიან.
როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განმარტა, ცვლილებები მგზავრთა უსაფრთხოებას და დამატებითი საცობების ნაკადების თავიდან აცილებას ემსახურება.
„მოგეხსენებათ, 1-ელი მარტიდან ჩვენ ორი დიდი საპილოტე პროექტის დაწყებას ვგეგმავთ და ძალიან ვთხოვ თითოეულ ადამიანს, როდესაც ისარგებლებენ სამარშრუტო ტაქსებით, რომლებიც 14 ქუჩაზე იმოძრავებენ, მოითხოვონ გაჩერებები მხოლოდ მოსაცდელებზე. ეს ორ მთავარ მიზანს ემსახურება, პირველი ეს არის მგზავრთა უსაფრთხოება, მეორე – დამატებითი საცობების ნაკადების თავიდან აცილება. შესაბამისად, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები 1-ელი მარტიდან მხოლოდ მოსაცდელებზე გააჩერებენ. მოვუწოდებთ მოსახლეობას, დაემორჩილონ იმ მოთხოვნებს, რაც კანონმდებლობით არის დადგენილი“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
დედაქალაქის მერიის აღნიშნული საპილოტე პროექტი დღეიდან ამოქმედდა.
საპილოტე პროექტი ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანისა და პეკინის გამზირებს, მერაბ კოსტავას, პეტრე მელიქიშვილის, ჟიული შარტავას, ვახტანგ გორგასლის, ჯორჯ ბუშის ქუჩებს, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილს შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები