ანა გომეში რუსეთს ოკუპაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
“რუსეთო, შეწყვიტე უკანონო ოკუპაცია”, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტის წევრი ანა გომეში ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას.
მან აღნიშნული პოსტი სოციალურ ქსელ ტვიტერის პირად გვერდზე გამოაქვეყნა და დაღუპულის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
„მწუხარებას გამოვხატავთ და ვიზიარებთ შეშფოთებას სამხრეთ ოსეთში რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე დაკავებულია. რუსეთო, შეწყვიტე უკანონო ოკუპაცია“, – დაწერა ანა გომეშმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა, საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შესახებ, ინფორმაცია გავრცელდა.