სალომე ზურაბიშვილი: დღევანდელი უმძიმესი ტრაგედიით სპეკულირება არ შეიძლება

რაც არ უნდა იყოს მიზეზი, არ შეიძლება ამ ადგილას მაგისტრალის გადაკეტვა – ასე ეხმაურება დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი არჩილ ტატუნაშვილის ახლობლებისა და სხვა მოქალაქეების მიერ გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას, რა დროსაც, ნატახტართან გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.
შესაბამის პოსტს ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ავრცელებს.
„რაც არ უნდა იყოს მიზეზი, გამართლება თუ მიზანი, არ შეიძლება ამ ადგილას მაგისტრალის გადაკეტვა.
არ შეიძლება დღევანდელი უმძიმესი ტრაგედიით სპეკულირება და სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება… გასაგებია საზოგადოების აღშფოთება და ოჯახის ტკივილი, მაგრამ გაუგებარია პოლიტიკურად მოტივირებული აქტივისტები რას იმოქმედებდნენ და რას უბიძგებენ ხელისუფლებას: რომელი ბერკეტის ამოქმედებას, ძალის თუ რა სხვა ხერხის გამოყენებას?
ურთულესია ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა, უმძიმესია იმის განცდა, რომ საერთაშორისო საზოგადოების და პარტნიორების მობილიზების გარდა, სხვა ძალისხმევა ამ შემთხვევაში
არ გაგვაჩნია, უმწარესია როცა ვერაფრით შველი შენ დაკავებულ მოქალაქეებს… მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს ამ დროს ქვეყნის სისუსტეზე ხაზისგასმას, სწორედ იმ ყველაზე ფაქიზ ადგილას, საიდანაც მტერი თვალებში გიყურებს… ნეტავ ასეთ არსებით საკითხზე რად ვახარებთ მას ჩვენი ორ ბანაკად გახლეჩვით, ნეტავ რატომ ვუხსენებთ ყველას, რომ ამ მაგისტრალზე ქვეყნის ორად დაყოფა შეიძლება?
ნუთუ არ შეგვიძლია რამდენიმე საკითხის მიმართ ზეპოლიტიკური, ზეპარტიული და მაშასადამე, ზნეობრივი მიდგომა?“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები