“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო ნომერს კარგავს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო ნომერ „5“-ს კარგავს. ამასთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 5 მაისს საარჩევნო ბლოკმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომლის შემადგენლობაშიც გაერთიანებულია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ქრისტიან – კონსერვატიული პარტია”, წერილობით მიმართა ცესკოს არჩევნებში რიგითი ნომრით “5”-ით მონაწილეობის შესახებ, თუმცა აღნიშნულ მოთხოვნაზე უარი მიიღო. “ნაციონალური მოძრაობა” ცესკოს უარის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამოცხადების შემდეგ ხელისუფლება და სრულიად სახელმწიფო სტრუქტურები მობილიზებულია, რათა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მაქსიმალურად შეზღუდულ და პრობლემატურ გარემოში მოუწიოს კამპანიის წარმართვა. კამპანიის დასაწყისიდანვე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არაერთ ხელის შეშლასა და ბარიერს აწყდება. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებზე ზეწოლის, მათი სამართალდამცავ ორგანოებში დაკითხვებზე მუდმივი სიარულის და უკიდურესი ზომის – დაკავებების შესახებ – საზოგადოება უკვე არაერთხელაა ინფორმირებული.
სამწუხაროდ, ყოველივე ზემოაღნიშნულს კიდევ ერთი ახალი, განსაკუთრებულად პრობლემური ფაქტი შეემატა.
ა.წ. 5 მაისს საარჩევნო ბლოკმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომლის შემადგენლობაში გაერთიანებულია ენმ და “ქრისტიან – კონსერვატიულ პარტას”, წერილობით მიმართა ცესკოს არჩევნებში რიგითი ნომერი “5”-ით მონაწილეობის შესახებ, თუმცა აღნიშნულ მოთხოვნაზეც უარი მიიღო. მიზეზად ცესკო საარჩევნო კოდექსის იმ ნორმას მიუთითებს, რომლის მიხედვითაც აუცილებელია საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტია წინა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდეს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ზუსტად იგივე ნორმით (საარჩევნო კოდექსის აღნიშნული მუხლი არ შეცვლილა, ცვლილებების განხორციელების შედეგად მხოლოდ მუხლის ნომერაცია შეიცვალა) საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ნომრები მიენიჭა სამ საარჩევნო ბლოკს:
1. “ალიანსი საქართველოსთვის” ( 1. “საქართველოს რესპუბლიკური პარტია”; 2. “ახალი მემარჯვენეები”; 3. ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები”; 4. “საქართველოს გზა”); 2. “ეროვნული საბჭო” (1.”საქართველოს კონსერვატიული პარტია”; 2. “ხალხის პარტია”; 3. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”); 3. “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა” (1. “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”; 2. “ჩვენ თვითონ”; 3. “ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია”).
ყველა ამ ბლოკის შემადგენლობაში შედიოდა მინიმუმ ერთი პარტია, რომელსაც წინა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საარჩევნო ბლოკ “ქართულ ოცნება”-ს ანალოგიურ მოთხოვნაზე ცესკომ უარი უთხრა, რაც იმ არგუმენტით იქნა ახსნილი, რომ საპარლამენტო არჩევნების და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ნომრის მინიჭების საკითხი კოდექსის სხვადასხვა ნაწილებით და, შესაბამისად, სხვადასხვა მუხლით არის განსაზღვრული და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია.
სამწუხაროა, რომ ცესკომ ვერ გაუძლო ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას და ვერ შეძლო პრინციპული და სასამართლებრივად გამართლებული პოზიციის დაცვა. ენმ იყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და ასაჩივრებს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოში. იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და შეწყვეტს თავის უკანონო ქმედებებს საარჩევნო ბლოკის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წინააღმდეგ, ხოლო სასამართლო კი შეძლებს, დადგეს პოლიტიკურ თამაშებისა და ზეწოლაზე მაღლა და მიიღოს კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება”,- ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება დღეს ცესკო-შიც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები