მასწავლებელს, რომლის მოსწავლეც ფანჯრიდან გადმოხტა, საყვედური გამოუცხადეს

თბილისის მე -17 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგს, რომლის მოსწავლეც შენობის მეორე სართულიდან გადახტა, საყვედური გამოუცხადეს.
როგორც „კვირას“ მე-17 სკოლის დირექტორმა მარიამ ჭელიძემ განუცხადა, მოკვლევის შედეგად, დისციპლინარულმა კომეტეტმა პედაგოგს, სამსახურეობრივი მოვალეობისადმი გულგრილი დამოკიდებულებისთვის, საყვედური გამოუცხადა.
მისივე თქმით, მოკვლევის პერიოდში მოსწავლე მშობელთან ერთად დაიკითხა.
„მოსწავლე მშობელთან ერთად გამოიკითხა. მან აღნიშნა, რომ სკოლის მეორე სართულიდან თვითონ გადახტა. თურმე, სახლშიც ასევე იქცევა. კერძო სახლი აქვთ, პირველი სართულის ფანჯრიდან ხტება და სახლში ისე შედის. როგორც გამოკითხვისას ბავშვმა აღნიშნა, მან ამ შემთხვევაში სკოლის მეორე სართულის სიმაღლე ვერ გათვალა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ბავშვმა საავადმყოფო იმავე დღეს დატოვა და სასწავლო პროცესს ესწრება. რაც შეეხება პედაგოგს, დისციპლინარულმა კომეტეტმა მოკვლევის შემდეგ, მას სამსახურეობრივი მოვალეობისადმი გულგრილი დამოკიდებულებისთვის, საყვედური გამოუცხადა“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას სკოლის დირექტორმა მარიამ ჭელიძემ.
შეგახსენებთ, რომ წელს, 14 თებერვალს, თბილისის მე-17 სკოლის მეორე სართულის საკლასო ოთახიდან, მოსწავლე გადახტა. ვარდნის შედეგად, მას მხოლოდ დუნდულები ჰქონდა დაზიანებული.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი საპირფარეშოში ჩაიკეტა და ფანჯრიდან გადახტა.
„კლასში 20 მოსწავლეა. მათი სასწავლო ოთახი მეორე სართულზეა. პედაგოგმა მუსიკის გაკვეთილზე გაიყვანა მოსწავლეები, ეს როგორც ჩანს, კლასში შემობრუნდა, რაღაცას ეძებდა, რომ მუსიკის გაკვეთილზე წაეღო და კარი ვერ გააღო. შეეშინდა და მეორე სართულიდან გადმოხტა. ამ ამბის შემდეგ, კლასში ავედით, მაგრამ მანდატურს კარი ღია დახვდა, როგორც ჩანს, ბავშვმა ვერ გააღო. როცა გავსინჯე, გარეგნულად არაფერი დაზიანება არ ჰქონდა მიღებული. სასწრაფო გამოვიძახეთ და ამჟამად ბავშვი კლინიკაშია მოთავსებული“, – აცხადებდა მაშინ სკოლის ექიმი ირმა კუპრაძე.
6 წლის ბავშვი იმავე დღეს ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. შესაბამისი სამედიცინო მკურნალობის ჩატარების შემდეგ, ბავშვი სახლში იმავე დღეს გაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები