თეა წულუკიანი პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ჯარიმის გაზრდის მომხრეა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც პოლიციელის მიმართ ხელს აღმართავენ.
ამის შესახებ მინისტრმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ჯარიმის გაზრდას ითვალისწინებს.
„ვფიქრობ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ინიციატივა არამცთუ დროულია, არამედ ყველას ერთად, უფრო ადრეც უნდა განგვეხორციელებინა. ამიტომაც, ჩვენ ერთხმად დავუჭირეთ ამ ინიციატივას მხარი მთავრობის სხდომაზე. იმედი გვაქვს, რომ პარლამენტში ეს მიდგომები გაზიარებული იქნება, რადგანაც ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიციელი იცავს ჩვენს უსაფრთხოებას, რომ პოლიციელის საქმე არის ძალიან პატივსაცემი საქმე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
წულუკიანის თქმით, ეს არის სირთულეებით სავსე სამსახური, რომელსაც პოლიციელები საკმაოდ მწირი ხელფასის პირობებში ასრულებენ.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათაც ჰყავთ ოჯახები და მიუხედავად ამისა, ხშირად გვიან ღამით, მაშინ, როდესაც ჩვენ გვძინავს, ჩვენს უსაფრთხოებას იცავენ. აქედან გამომდინარე, ასეთ ადამიანებზე ხელის აღმართვა, მე ვფიქრობ, დიახ, უნდა ისჯებოდეს უფრო მკაცრად, ვიდრე დღეს ისჯება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.